მთავარი სტიმული წარმატებაა, მაგრამ ფეხბურთში ფინანსური თანადგომა მნიშვნელოვანია - ქართველი მწვრთნელები ნაკრებისთვის გამოყოფილ ჯილდოზე

პოდკასტი

ცნობილმა ქართველმა მწვრთნელებმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთეს „ქართუს“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიზანიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სტიმულირებაა.

შეგახსენებთ, რომ „ქართუს“ გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის გადალახვისთვის საქართველოს ნაკრები 30 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგი ეტაპის გავლისთვის – მორიგ 30 მილიონს.

გიორგი შაშიაშვილი: „ფეხბურთი იმისთვისაც არის, რომ მოთამაშეებმა გასამრჯელო მიიღონ. 30-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრების წევრები მოედანზე თანხისთვის გავლენ და ითამაშებენ, მაგრამ ფეხბურთზე ეს საკითხიც მიბმულია. სასიხარულოა, რომ ფეხბურთს გვერდში დაუდგნენ“.

გია გეგუჩაძე: „დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ფულზე არ იფიქრებენ არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელები და არც სტაფის წევრები, რადგან იქ გასვლა და თამაში უკვე დიდი სიხარულია, მაგრამ დამატებითი სტიმული ცუდი ნამდვილად არაა“.

გია ჭიაბრიშვილი: „ზუსტად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის მთავარი სტიმული წარმატებაა და არა ფინანსური მხარე. მათ ქვეყანა უყვართ, სურთ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინონ, მაგრამ ყველანაირ სამსახურში და საქმეში ფინანსები მნიშვნელოვანია, გუნდისთვის ესეც ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება“.