„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ — გიორგი ფოფხაძე

გიორგი ფოფხაძე

„დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა,“ — ასე აფასებს საქართველოში პირველად A.C. Milan-ის საფეხბურთო ბანაკის, Milan Junior Camp-ის დაწყებას პროექტის ორგანიზატორი, Sports Corporation LLC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ფოფხაძე.

„Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ „მილანის“ მწვრთნელებთან, გაეცნობიან კლუბის ოფიციალურ პროგრამას და უნიკალურ ცოდნას მიიღებენ.

ჩვენი მიზანია, ბავშვებმა არა მხოლოდ ფეხბურთი ისწავლონ უმაღლესი სტანდარტებით, არამედ მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ სპორტულ და პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მჯერა, რომ საქართველოში Milan Junior Camp აუცილებლად იქცევა ტრადიციად და ყოველწლიურად სპორტულ კარიერაში განვითარების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ მოზარდს მივცემთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო A.C. Milan-ს, იტალიის საელჩოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერს  და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტს მხარი დაუჭირა,“ — აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი იტალიური გრანდი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ადგილობრივ მოზარდებს დაუვიწყარ კვირას შესთავაზებს. ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.

„Milan Junior Camp-ში მონაწილეობას იღებენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს პატარა ფეხბურთელებს, მოირგონ A.C. Milan-ის მაისური და ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.

პროგრამა ელიტარულ საფეხბურთო ტრენინგს და დაუვიწყარ გამოცდილებას აერთიანებს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად ივარჯიშებენ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგიით; ისწავლიან საერთაშორისო დონის სპეციალისტებისგან და მიიღებენ იმ ემოციებს, რასაც მოზარდს მხოლოდ ფეხბურთი ჩუქნის.

საგულისხმოა ისიც, რომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოში „მილანის“ აკადემიის კოორდინატორი ჩამოვიდა.  შესაბამისად, 6 სექტემბერს ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო და ინფორმაციული  ხასიათის ვორქშოპი ჩატარდა. ქართველ მწვრთნელებს ვორქშოპზე „მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში A.C. Milan-ის მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს.

კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. მათი მეშვეობით, ყველა მონაწილე  ეზიარება უნიკალურ გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს, ატარებენ სასიამოვნო დროს. ს.კ „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ.

მნიშვნელოვანია პროექტში  იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩოც ამ პროექტის თანაორგანიზატორია. Milan Junior Camp სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება, რომელიც უკვე მეორე წელია, იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა.

ინფორმაციისთვის, ახალი ინიციატივა 2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიბადა. იგი ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია.  მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.