„კვარაცხელიას ეპიზოდზე ძალიან გავბრაზდი“ - ანტონიო კონტე მატჩის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კომოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, 3:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი „ნეაპოლელთა“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა, რომელმაც კვარაცხელიას ეპიზოდზეც ისაუბრა.ერთ-ერთი შეტევის დროს, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.

„მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, უკვე 16 ქულა გვაქვს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარია, ეს ტემპი არ დავაგდოთ. კვარაცხელიას ეპიზოდის დროს ძალიან გავბრაზდი და ვცდილობდი, ემოციები არ გამომეხატა, მაგრამ მაინც გამაფრთხილეს. პენალტის მომენტი VAR-ზე უნდა გადამოწმებულიყო. მითხრეს, რომ მთავარმა მსაჯმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ვიდეორეფერიზე გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა. უცნაურია, მაგრამ წინა ტურებშიც იყო შემთხვევები, როცა საკამათო ეპიზოდები არ გადაამოწმეს. ასეა თუ ისე, მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, - განაცხადა კონტემ.

8 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 16 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.