1747209932
ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ქამრისთვის 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.
მიმდინარე წლის დასაწყისში 28 წლის თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა.
70კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც, სავარაუდოდ, სატიტულო ბრძოლას ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ ჩაატარებს. შესაბამისად, მან თავისი წონის ქამარი დათმო.
35 წლის ჩარლზ ოლივეირა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მან MMA-ის კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა. ოლივეირა თავისი კარიერის მანძილზე საკუთარი წონის თითქმის ყველა უძლიერეს მებრძოლს დაუპირისპირდა.
რაც შეეხება თოფურიას, მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 16 გამარჯვება და არცერთი მარცხია. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო ოქტომბერში ქამარი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ დაიცვა.
„კიდევ ერთი ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევმა ბრძოლას თავი აარიდა. 17:0“, – დაწერა ილია თოფურიამ შეხვედრის ოფიციალურად ჩანიშვნის შემდეგ.ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შეხვედრა ბრძოლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, UFC 317-ზე ჩატარდება. ივნისში თავის სატიტულო შეხვედრას გამართავს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც. ის 8 ივნისს ამერიკელ შონ ო’მალის კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება