1746733863
გურამ ქუთათელაძემ კაუე ფერნანდესთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი მორიგი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
გურამ ქუთათელაძე 22 მარტს ლონდონში კაუე ფერნანდესს შეხვდება. 30 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე 11 ბრძოლა გამართა, ცხრაჯერ მოიგო და ორჯერ დამარცხდა.
რაც შეეხება 33 წლის გურამ ქუთათელაძეს, მან ჩატარებული 17 ბრძოლიდან 13-ჯერ გაიმარჯვა და ოთხი დაპირისპირება დათმო. ბოლოს ქართველი UFC-ში 2024 წლის აგვისტოში ჯორდან ვუჩენიჩს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს UFC-ში თავისი ბრძოლა სამმა ქართველმა გამართა. მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს სძლია და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ალექსანდრე თოფურიამ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა, ხოლო რომან დოლიძემ – იტალიელი მარვინ ვეტორი.