„გასახდელში „კვარამ“ ბოლო სიტყვა დატოვა და ეს ძალიან მაგარი იყო...“ – რას იხსენებს გურამ კაშია და რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე

გურამ კაშია

18 ივნისს, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გამართავს და თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მანამდე, „ეროვნული ნაკრები“ ქომაგებს კიდევ ერთხელ ახსენებს თამაშს, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა – დღეს, 17 ივნისს „ეროვნული ნაკრები“ საზოგადოებას შესთავაზებს ინტერვიუს, რომელშიც ფეხბურთელები გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 26 მარტის დაპირისპირებას საბერძნეთთან და იმ ემოციებს, რომლებიც მათ მოედანზე გასვლამდე ჰქონდათ. მანამდე კი, „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს ანონსს, რომელშიც ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იხსენებს:

„ბოლო თამაში საბერძნეთთან რომ გვქონდა, გასახდელში „კვარამ“ ბოლო სიტყვა დატოვა და ეს ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი მუხტი ჰქონდა. გასახდელში ასეთ რაღაცებს მივესალმები“, – ამბობს გურამ კაშია.

„ჩემთვის ფინალი რაღაც ბრძოლაა, ისიც აღვნიშნე, რომ 60 000 ქართველს – გულშემატკივარიც ჩავთვალე – 11 ბერძენის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში.

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად გადმოვეცი და რასაც მართლა გულით ვფიქრობდი, შევეცადე, ყველასთვის გამეზიარებინა“, – აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელია.