როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგული - ყველაფერი სოციალური პაკეტების შესახებ

puli

სოციალური მომსახურების სააგენტო მარჩენალდაკარგული პირებისთვის ყოველთვიურად დახმარებას გასცემს. აღნიშნული დახმარება ენიშნებათ:

საქართველოს მოქალაქეებს;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.


ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად?

მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენლის გარდაცვალების გამო და რა ოდენობით?


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 194 ლარის ოდენობით;

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 172 ლარის ოდენობით;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 157ლარის ოდენობით;

სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 150ლარის ოდენობით;

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?


სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?
 
სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში - მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;

ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო - სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.

ასევე ნახეთ:

„მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა...“ - დააკავეს შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი

31-წლიანი პატიმრობა არაადამიანური მკვლელობისთვის - ცოლის მიერ შეკვეთილი ქმრის მკვლელობის საქმე