ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულების შესახებ

ტრაგედია ორთაჭალაში

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მიხეილ სარჯველაძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ასევე მოინახულა მომხდარის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

მინისტრის თქმით, ვიდრე შენობის შემოწმება დასრულდება, კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.

„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზები ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ტრაგედია. ახლა მოქალაქეების განთავსება მიმდინარეობს, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ, ვიდრე შენობის მდგრადობა შემოწმდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, კლინიკაში რამდენიმე პირია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა.

„ერთი პიროვნების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა. ის იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთი ადამიანი, საუბედუროდ, გარდაცვლილია. ზუსტდება ყველა დეტალი. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. იმედია, ყველა იქნება კარგად, ვინც გადაურჩა ამ უბედურ შემთხვევას. მიმდინარეობს ყველა სამუშაოს ჩატარება, რომელიც აუცილებელია მიზეზების დასადგენად. დაწყებულია ევაკუაციის პროცესი, ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარებოდა. უახლოესი ერთი-ორი საათის განმავლობაში ყველა დაბინავდება. ზუსტად თქმა შეუძლებელია, რამდენი ოჯახია. ეს კორპუსი სრულად დასახლებული არ იყო. ბინების ნაწილი იყო დაკეტილი. ალბათ რამდენიმე ათეულია კორპუსში მცხოვრებთა რაოდენობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ოთხი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.