1728933551
მძიმე ავარია სენაკში - დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, დაშავებულია ოთხი ადამიანი
სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი პირი დაშავებულია. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ოთხი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.