1732386875
ახალგაზრდა, რომელიც კახეთში ტყის გადაწვას ცდილობდა, 500 ლარით დაჯარიმდა
დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ პატრულირების დროს შენიშნეს მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად უკიდებდა ტყეს ცეცხლს. კაცი 500 ლარით დააჯარიმეს, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა.
ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები გამოიძახეს. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.