საზოგადოება • 1729171500
ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა - მაკა ზამბახიძე
გამორჩეული საშემსრულებლო მანერის მქონე, საერთაშორისო მასშტაბის დახვეწილი ვოკალისტის, ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაკა ზამბახიძის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის იწვევს მაყურებლის ოვაციას. ბუნებით თბილი და თავშეკავებული მომღერალი ცდილობს, თავისი წილი სიყვარული ყველა მის თაყვანისმცემელს გაუნაწილოს და გამოსდის კიდეც. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა:– რა მიგაჩნია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?– ბავშვობიდან ოცნებად მქონდა დიდ სცენაზე დავმდგარიყავი და ცნობადი მომღერალი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დიდ წარმატებებს, ეს იყო კონკურსი „იმედის ტალღა“, შეუდარებელი განცდითა და სიხარულით და „იურმალა“, რომელმაც დიდი მასშტაბები მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და საიდანაც დაიწყო ჩემი მუსიკალური აღმასვლა და ოცნებების ახდენა. სხვათა შორის, ბავშვობაში რაც მინდოდა და რა ოცნებებიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა.– ხომ არ ფიქრობ, რომ ადრეულ ასაკში დედობამ კარიერაში ხელი შეგიშალა?– 18 წლის ასაკში გავხდი დედა და მიმაჩნია, რომ ამან არანაირად არ შემიშალა ხელი კარიერაში. დედა სულ ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა. უბრალოდ, მაშინდელი ოჯახური მიზეზები იყო, რის გამოც ვერ ვმღეროდი. ძალიან ბედნიერი დედა ვარ და უბედნიერესი განცდაა ახალგაზრდა ასაკში ბებიობა. შვილიშვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მასზე ვფიქრობ და მის ენაზე ვლაპარაკობ. რატი დურგლიშვილი მეხუმრება: შენ, მგონი, უკვე გააფრინეო (იცინის). მართლა მაფრენინებს ეს ბავშვი. ზოგადად, ყველაფერში გამიმართლა და მათ შორის, პირადშიც, რომ გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად სიამოვნებს ჩემი წარმატება.ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბედში გამართლება ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას ჰგავს. ანუ, პირადი ცხოვრება ლატარიას ჰგავს – ან გაგიმართლებს, ან – არა. მე, ამ მხრივ, ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა და გვერდით უსაყვარლესი მამაკაცი მიდგას. ასე რომ, ვერ დავიწუწუნებ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, წარმატება ჩემს ცხოვრებაში მარტივად მოდის-მეთქი. ერთია, როცა ხარ პოპულარული და მეორე – როცა ხალხს უყვარხარ, რასაც სულ ვგრნობ. ბევრი ადამიანი მღერის და შრომობს და რაც მე მოვიპოვე, ანუ ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მძაფრი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად იღბლიანი მომღერალი ვარ.