ეკა სეფაშვილი

პოლიტიკა • 1792694495

ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება – მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ – ეკა სეფაშვილი

არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებაც სასამართლოში სარჩელია შეტანილი, უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები არიან და ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით ზიანი მიაყენონ ქვეყანას და ქართველ ხალხს.„ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია - ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან... გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომები აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გრიგოლ გეგელია

პოლიტიკა • 1792658722

დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში - გრიგოლ გეგელია

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება, პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ისეთი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც ცდილობს, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არსებობდნენ, მათ შორის "ლელო - ძლიერი საქართველოს"."დღეს უკვე "ლელოს" ექნება თავისი რიგი არსებით განხილვაში შესვლისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან მაღალკვალიფიციური სამართლებრივი გუნდი წარადგენს საკუთარ ყველა შესაბამის არგუმენტს.ერთი რამ, რაც მინდა ყველა ქართველმა იცოდეს, არის ის, რომ დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში. კრძალავს "ნაციონალურ მოძრაობას" და, რაც კიდევ უარესია, უნდა, რომ აკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში, კიდევ 10-ზე მეტი წლის განმავლობაში არ არსებობდა. მაგალითისთვის, "ლელო - ძლიერი საქართველო", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია."კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უსაფუძვლოა."არცერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფუძვლო და გუშინ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებთან ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ ჩვენი მიერ ფაქტობრივად შეთავაზებული ალტერნატივა, უნდა ვიცოდეთ რას გვედავებიან", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.

გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792654360

გიორგი კახიანი: შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა მიეცემათ.მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს და არა კონკრეტული შედეგის მიღწევის."მტკიცებულებების [სარჩელიდან] ამოღების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი ითქვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ მხარეები - ამ შემთხვევაში მოპასუხეები - აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.ახლა, რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა," - აცხადებს გიორგი კახიანი.საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792653696

გიორგი კახიანი: ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესი კვლავ შუამდგომლობების ეტაპით გაგრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ შემდეგ, დღეს უკვე სხვა პარტიებს მიეცემათ შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა.კახიანის თქმით, აქამდე დაყენებული შუამდგომლობები სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.„რაც შეეხება შუამდგომლობას მტკიცებულების ამოღების შესახებ, ამაზე უკვე მიიღო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება და უარი უთხრა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს, ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და შემდეგ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შუამდგომლობები დააყენონ. როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. თუ შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. ვფიქრობ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ, შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ამის შესახებ არ ვართ ინფორმირებული, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათი საწინააღმდეგო მტკიცებულებები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792608720

კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული - დავით მათიკაშვილი

"ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დიდი ხანია ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოების ნდობა აღარ აქვს და ეს არჩევნებში გამოიხატება.მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სარჩელზე და აღნიშნა, რომ რეალურად პარტიების აკრძალვის მოთხოვნა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარეობს და არა საზოგადოების დაბალი ნდობიდან."ხუთივე პარტია, ერთად აღებული 16%-მდე ადის. ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ და საზოგადოებას აღქმა დარჩენოდა, რომ ადამიანების კონკრეტულ რაოდენობას გული სტკივა ეს პროცესი რომ მიმდინარეობს.საზოგადოების სურვილებთან, ნებასთან, მიზნებთან, რაც ქართველ ხალხს ამოძრავებს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ. ეს არის ამის ერთადერთი სწორი ახსნა.უკვე დიდი ხანია ამომრჩეველი ანულებს მათ. კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლიდან დღემდე აქვს მკაფიო განაჩენი გამოტანილი ამომრჩევლების მხრიდან.კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ფაბულა და შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობა, მათი მოქმედებაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1792579579

დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დაუშვებელია, პოლიტიკური ძალა დემოკრატიის დამცველად წარმოაჩენდეს თავს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფის შესაძლო ფაქტები სათანადო შეფასების გარეშე დარჩეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს პოლიტიკური ბრძოლა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისგან და უზრუნველყოს წარსულის ობიექტური შეფასება.„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, შავს შავი ეწოდოს და თეთრს თეთრი.ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს. წლების განმავლობაში ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა ამავე დროს არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად.თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება.საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს.დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს. ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა.“ - წერს ჩიხელიძე.

გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792579470

გიორგი კახიანი: არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს – მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერესების უკან მიმალვით ცდილობს.მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია. კახიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, სადაც ყველა საკითხზე გაიმართება მსჯელობა და პაექრობა, ხოლო დეტალები საზოგადოებისთვის განხილვის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.„საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და მათ შორის მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ რომ ეს ასე გამოჩნდეს.ისინი რეალურად ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავისი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავისი ცოდვების თითქოს სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ესე არ გამოვა იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1792490340

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის ჯამი ერთად რომც შეაერთო, მათ სასურველ შედეგს მაინც ვერ მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია.„„კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია. ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რადგან ერთი-ორი პროცენტის გარშემოა სხვადასხვა პარტიების რეიტინგი. ეს არის სტატისტიკური ცდომილება. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება, არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაჭივრებოდა. მათი შიდა დაპირისპირება აღარ არის საინტერესო. ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი 2024 წელს გააკეთა, მათ შორის ამ პარტიების სასარგებლოდ. ეს პარტიები როგორც მოექცნენ ქართველ ამომრჩეველს, შედეგიც ისეთი აქვთ. რა თქმა უნდა, ახლა საქმე ერთმანეთში უნდა არჩიონ. აბა, ქართველ ამომრჩეველთან შეხება უკვე აღარ აქვთ. ალბათ სააკაშვილთან გაერთიანება რამოდენიმე მიზეზის გამო არ უნდათ. ნდობა ერთმანეთის აღარ აქვთ. მათ იციან, რომ, პირობითად, სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პირველი პოლიტიკური მსხვერპლი ისინი იქნებიან, იმიტომ, რომ ის მათ ჩამოყალიბებულად მოღალატეებად თვლის. ეს საკუთარი გამოცდილებით იციან, რადგან 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი სწორედ თავისი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა და გარშემო ვიწრო ძალაუფლების ქვეშ არსებული ადამიანები დაიტოვა. ალბათ იმასაც ხედავენ, რომ სააკაშვილის ფიგურა გამარჯვების ფორმულა აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792479540

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979)."კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კი გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას, ხოლო მათი არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; მოპასუხე პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს, რის გამოც მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა".

თორნიკე ფაღავა

პოლიტიკა • 1791975523

თორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით

თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტებით არის გამყარებული.„ვთვლით, რომ ეს სარჩელი, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მყარად არის არგუმენტებით გამყარებული. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში და სისტემურად ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი გაიტანონ კონსტიტუციის მიღმა, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დემოკრატიული სიკეთეებით. არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით. 2016 წლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რადიკალურ განშტოებებს არც არჩევნების შედეგები უღიარებიათ, არც ხელისუფლება. ხუთჯერ სცადეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილება“, - აცხადებს ფაღავა.„ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყება.

წითლიძე

პოლიტიკა • 1791970104

ანა წითლიძე: არნახულმა რეპრესიებმა ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილებამ, ჯერ თვითარიდება მიეცა პოლიტიკური პარტიების საკითხის აკრძალვაზე და შემდეგ, საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, მანანა კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის ძალიან მძიმე დასკვნა.„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის არა კონსტიტუციური წყობილების დაცვა, როგორადაც ამას ცდილობს, წარმოაჩინოს „ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდა უფასო ფულს, კეთილდღეობას, განვითარებას, ნაცვლად ამისა, მისი მმართველობის 14 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ტოტალური კორუფცია, სიღარიბე, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნიდან ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები. ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, ის დღეს მათ სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ სანახაობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც წულუკიანის, რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო, მხარეების განხილვის გარეშე, ფარულად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი, გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც თქვენ გავალებთ რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა“, – განაცხადა წითლიძემ.​მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია მთავარი ბასტიონია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.„თქვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუციურ საფუძველს უქმნით ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, ქართველების გენოციდთან დავშირებით აფხაზეთში და ყველა უბედურებაზე, რაც ისტორიულად ჩვენ გამოგვატარა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთმა. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ თქვენ ცდილობთ, აკრძალოთ გიორგი ანწუხელიძის ბრძოლა თავისუფლებისთვის, შინდისის გმირების ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გურამ გაბესკირიას სიტყვები არა და არასოდეს, როდესაც მან თავი არ დაუხარა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, თქვენ ცდილობთ აკრძალოთ ჟიული შარტავას ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება განუზომელი და თუ თქვენ შეასრულებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას, თქვენ დაექვემდებარებით მკაცრ საერთაშორისო სანქციას. ოლიგარქიული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სანქცია, რომელიც თქვენ აუცილებლად დაგეკისრებათ არ შეიცვლება არასოდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია მთავარი ბასტიონია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად არნახულმა რეპრესიებმა, ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს ვაფრთხილებდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოუტანდა ტოტალურ რუსიფიკაციას და გაანადგურებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.

შალვა კერესელიძე

პოლიტიკა • 1790846237

შალვა კერესელიძე: სააკაშვილის ჩამოყვანით, „ოცნებამ“ 2021 წელს საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო, „ოცნების“ ადგილზე, ამ პატივისცემას დავუფასებდი, უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არ აინტერესებს, რადგან „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტიაა და საკუთარი გეგმები აქვს.კერესელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის არჩევნებში მაღალი პროცენტის მიღება შეძლო და „ოცნების“ ადგილას, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ამ პატივისცემას დაუფასებდა“.„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტია ვართ. ამიტომ, რა აქციას, შეხვედრას, რა შეკრებას ჩაატარებენ, ნაკლებად გვაინტერესებს. მათ საქმეში არ ვერევით, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. „ოცნების“ ადგილზე მათ უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ, რადგან 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში მიშა სააკაშვილი როცა ჩამოიყვანეს, მისი ჩამოყვანით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო – იმაზე მეტის, ვიდრე მას ეკუთვნოდა. ამაში პირადად სააკაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. აქედან გამომდინარე, „ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, ამ პატივისცემას დავუფასებდი“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქციას გამართავს.

✕