ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა • 1794238200

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან,  CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.სამხარაძემ ქვეყნებს შორის გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე, სავაჭრო ბრუნვასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა.ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს — ჩინეთს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკავშირებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წელს, პირველ ცხრა თვეში, ჩვენ უკვე გადავლახეთ 2 მილიარდი დოლარის ზღვარი და ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლართან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო, ძალიან არიან დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნით, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე“,- აღნიშნა სამხარაძემ.მან ასევე, ხაზი გაუსხვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად.„ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული კონფლიქტებისა და ომის გამო, ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დღეს დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა, ამის მიღმაც, მე ვახსენე ხალხთა შორის კონტაქტები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განათლების სფეროშიც იზრდება. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, ვისაც ჩინური ენის სწავლა სურს, ასევე ბევრი ჩინელი სტუდენტია, ვისაც ქართულის სწავლა უნდა. ასე რომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლის გააქტიურება. და ბოლოს, კულტურის კუთხით გაცვლა: საქართველოც და ჩინეთიც ძველი ცივილიზაციებიდან წამოსული ერებია. შესაბამისად, კულტურულად და ტრადიციებით ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებასთან ერთად, კულტურის მიმართულებით გაცვლაც გააქტიურდება და უფრო დინამიკური გახდება. ორივე ქვეყნის ხალხი ბევრად მეტს შეიტყობს ერთმანეთის კულტურაზე და ბევრ საერთოს იპოვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნათია თურნავა

ფინანსები • 1794224238

ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავა

ლარის სიმყარეს დღესდღეობით არაერთი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებებია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.ნათია თურნავას განმარტებით, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები.„ლარის სიმყარეს დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი არის ჩვენი ე.წ. საგარეო პოზიციის გაუმჯობესება. ეს არის სავალუტო შემოდინებები ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. სავალუტო შემოდინებების ძირითადი არხი არის ექსპორტი, განსაკუთრებით ადგილობრივი. მიუხედავად იმისა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, ის მინერალური რესურსები, რაც გაგვაჩნია, კარგი კონიუნქტურით ხასიათდება და კარგად იყიდება საგარეო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტსაც, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ და ფინანსურ მომსახურებას.„მეორე არხი არის ტურიზმიდან შემოსავლები, რომლებიც ძალიან აქტიურად შემოდის. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც კვლავინდებურად სტაბილურია. მთლიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ დოლარის კარგი მიწოდება იყოს ბაზარზე, გაუმჯობესდეს ჩვენი საგადამხდელო ბალანსი და შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დოლარი რეზერვებში მივმართოთ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური შედეგია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებზე. მისი განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოყენება სწორედ ლიკვიდობის სტერილიზაციას ემსახურება, რათა ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა არ წარმოიქმნას.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის რესურსის ღირებულებას მონეტარული პოლიტიკის 8.25%-იანი განაკვეთი განსაზღვრავს, ხოლო მისი სამომავლო ცვლილება ინფლაციისა და საგარეო შოკების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.„8.25%-ია ლარის რესურსის ღირებულება მთლიანობაში. თუ ინფლაცია და გარე შოკები ნორმალიზდება, ჩამოვწევთ და უფრო იაფი იქნება. თუ გაძლიერდება, მზად ვართ, რომ გავზარდოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ხან ჭენგი

პოლიტიკა • 1794222319

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი პარასკევიდან კვირის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - წერს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua.მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრისას ხან ჭენგმა მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის გულთბილი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.ხან ჭენგის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასული 34 წლის განმავლობაში მხარეები თანმიმდევრულად იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს.მან ხაზი გაუსვა, რომ ამ წლის ივნისში სი ძინპინმა და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოველმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ, რამაც ორმხრივი კავშირების განვითარებაში ახალი ფურცელი გადაშალა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ახალი იმპულსი მიანიჭა. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცება და განვითარება ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებსა და საერთო მისწრაფებებს ემსახურება.ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოსთან, ერთობლივად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსი, შეინარჩუნოს მტკიცე ორმხრივი მხარდაჭერა, გააფართოოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას და წინ წასწიოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება.თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა ხან ჭენგს სთხოვა სი ძინპინისთვის მისი გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადაეცა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი, როგორც ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესი ცივილიზაციები, პატივს სცემენ და ენდობიან ერთმანეთს, თანამშრომლობის კავშირები სულ უფრო მყარდება, ხოლო ხალხთაშორისი ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. მან დასძინა, რომ საქართველო დიდ სიამაყეს განიცდის ჩინეთთან თანამშრომლობით.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზადაა გააღრმავოს თანამშრომლობა ჩინეთთან ყველა სფეროში, რათა ორ ხალხს მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მოუტანოს.ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას ხან ჭენგმა განაცხადა, რომ ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და მზადაა იყოს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, რაც ურთიერთპატივისცემით, ურთიერთნდობითა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობით გამოიხატება. მან ხაზი გაუსვა ურთიერთმხარდაჭერის ტრადიციის გაგრძელების აუცილებლობას.ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პეკინი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მტკიცე ერთგულებას „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი და მის ხანგრძლივ მხარდაჭერას ჩინეთის პოზიციის მიმართ ტაივანის, სინძიანისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ ჩინეთი, ისევე როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დაცვაში.მისი თქმით, მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო სამართლიანობას, შეინარჩუნონ მჭიდრო კოორდინაცია მრავალმხრივ ფორმატებში, განახორციელონ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, დაიცვან თავისუფალი ვაჭრობა და უზრუნველყონ ორი ქვეყნისა და გლობალური სამხრეთის ერების საერთო ინტერესები.თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთთან პარტნიორობასა და მეგობრობას, ყოველთვის დაიცავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და მხარს დაუჭერს ჩინეთს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისთვის, ასევე იმ ღირებული მხარდაჭერისთვის, რომელსაც პეკინი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ჩინეთთან ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის შესასრულებლად, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, განაახლოს სავაჭრო პარტნიორობა, ხელი შეუწყოს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას და განამტკიცოს კავშირები კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით.მან დასძინა, რომ საქართველო ახალისებს ჩინურ საწარმოებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და საქმიანობისკენ და მათთვის საიმედო ბიზნესგარემოს უზრუნველყოფს.კობახიძის თქმით, რთული საერთაშორისო ვითარების ფონზე, ჩინეთი ერთგულია მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისადმი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ასპარეზზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ისწავლოს ჩინეთისგან, ყურადღება გაამახვილოს განვითარებასა და პროგრესზე და ხელი ხელს ჩაკიდებული ითანამშრომლოს გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის შეიტანად.საქართველოში ყოფნისას, ხან ჭენგი ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების მიერ ორგანიზებულ მიღებას და სიტყვით გამოვიდა. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი უცვლელად ადგას ღიაობისა და მაღალი ხარისხის განვითარების გზას, რაც ფართო საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საწარმოებისთვის.მან იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ბიზნესსექტორი გააგრძელებს მნიშვნელოვანი ხიდის როლის შესრულებას, ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობებს და გააღრმავებს თანამშრომლობას, რაც წვლილს შეიტანს ჩინეთ-საქართველოს ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში.

სასკოლო ფორმები

საზოგადოება • 1794216272

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასკოლო ფორმების რეალიზაციასთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებში, მე-2-მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“ განუცხადეს, სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება სკოლების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 დეკემბრის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაცია სრულად განხორციელდება.იმ შემთხვევაში თუ მშობელი სასკოლო ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, ფორმების შეძენას 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმა www.formebi.emis.ge-ზე და სავაჭრო ობიექტებში, რომელთა მისამართები მითითებულია - www.formebi.emis.geცნობისთვის, სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი, რომელიც მე-2 -მე-6 კლასელებისთვისაა განკუთვნილი, 2 ნოემბერს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 სარეალიზაციო პუნქტია გახსნილი. ამ დრომდე, ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

შსს

სამართალი • 1794206528

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, რამდენიმე ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონი" და "მეთადონი"."პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორცი

საზოგადოება • 1794161996

რა ხორცპროდუქტები ხვდებოდა ქსელში უკანონოდ - სურსათის სააგენტომ არალეგალური საამქროები დახურა

ხორცპროდუქტებს უკანონოდ ამუშავებენ და შემდეგ მათ რეალიზაციას ახდენენ - ამგვარი ობიექტები აღმოჩენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა, მფლობელები დააჯარიმა, სახიფათო ხორცპროდუქტები კი გაანადგურა.ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.კანონის მოთხოვნით, საწარმოს სადაც ცხოველისა თუ ფრინველის დაკვლა შემდეგ კი დამუშავება ხდება, საქმიანობის უფლება შესაბამის რეესტრში უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. სავალდებულო პირობაა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ობიექტის აღიარებაც. მინიმალური მოთხოვნებია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და საწარმოო პროცესში ვეტერინარის მონაწილეობა.შეუსაბამო პირობებში დაკლული და შემდეგ დამუშავებული ხორცპროდუქტები, ხშირად ცივი ჯაჭვის დაცვის გარეშე, არასამაცივრე დახლებსა და ზოგჯერ პირდაპირ ავტომობილებიდან იყიდება. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს არ ახლავს მისი უვნებლობისა და ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა ნომერი 2. ეს ქმნის რისკებს რეალიზაციაში მოხვდეს დაავადებული ცხოველისა და ფრინველის ხორცი. ამასთანავე არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი შესაძლებელია დააბინძუროს გარემო პირობებმაც.დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა გავრცელების რისკსაც წარმოადგენს საეჭვო წარმომავლობის ხორცპროდუქტები, საკმაოდ ვრცელია. უკვე დაბინძურებული პროდუქტის თერმულად კარგად დამუშავებაც კი უსაფრთხოებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს

სასკოლო ფორმები

განათლება • 1794158326

რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყება. მშობლებს საშუალება ექნებათ, ფორმა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge, მეშვეობით შეუკვეთონ და ან საკურიერო მომსახურებით ისარგებლონ, ან შეძენილი სამოსი 4 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან გაიტანონ.ამ მიზნით, ონლაინ შეკვეთის გატანის პუნქტები, თბილისში, ქუთაისსა და გორში, შემდეგ მისამართებზე გაიხსნება:1. თბილისი – გლდანი: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა №202. თბილისი – ქარვასლა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“3. გორი – გარდენ მოლი: ქ. გორი, სამეფოს ქუჩა №70, სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“4. ქუთაისი – ქარვასლა: ქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა №4/4ა, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ონლაინ შეკვეთის გატანასთან ერთად, აღნიშნულ 4 სავაჭრო ობიექტში ფორმების ადგილზე ყიდვაც იქნება შესაძლებელი.გარდა ამისა, სასკოლო სამოსის ადგილზე შესაძენად ქვეყნის მასშტაბით 83 სარეალიზაციო პუნქტიც გაიხსნება.იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი.

ლოცვა

ტექნოლოგიები • 1794144252

როგორ იცვლება თავის ტვინი ლოცვისას - მეცნიერებმა სულიერი მდგომარეობის ბიოლოგიური მექანიზმები ახსნეს

ლოცვა საუკუნეების განმავლობაში რწმენის, სულიერებისა და შინაგანი სიმშვიდის წყაროდ მიიჩნეოდა. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერება სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს იმასაც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ტვინში ლოცვისა და მედიტაციის დროს. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა სულიერ გამოცდილებას ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობის ცვლილება ახლავს თან და შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყურადღებაზე, ემოციებსა და საკუთარი თავის აღქმაზე.ამ საკითხს ნეიროთეოლოგია შეისწავლის - მეცნიერების მიმართულება, რომელიც რელიგიურ და სულიერ გამოცდილებას ტვინის ფუნქციონირებასთან აკავშირებს.2026 წლის 30 აგვისტოს სამეცნიერო ჟურნალ Brain and Behavior-ში გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვა, რომელშიც 1998-2026 წლებში ჩატარებული 105 კვლევის შედეგებია გაანალიზებული. მეცნიერებმა სხვადასხვა რელიგიური და სულიერი პრაქტიკის, მათ შორის ლოცვის, მედიტაციის, რელიგიური ტექსტების კითხვისა და გალობის დროს ტვინში მიმდინარე პროცესები შეისწავლეს.კვლევის ავტორების დასკვნით, ამ პრაქტიკებს ტვინის იმ სისტემებთან კავშირი აქვს, რომლებიც ყურადღებას, ემოციების რეგულირებას, საკუთარი თავის აღქმასა და მოტივაციას განაპირობებს.რა ემართება ტვინს ლოცვის დროს?1. შუბლის წილი - ყურადღება და კონცენტრაციაშუბლის წილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყურადღების მართვაში, დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.ამერიკელი ნეირომეცნიერის, ენდრიუ ნიუბერგის კვლევებში, რომლებშიც ტვინის სისხლის მიმოქცევას SPECT-ტექნოლოგიით აკვირდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მედიტაციის დროს შუბლის წილის აქტივობა იზრდებოდა. მსგავსი ცვლილებები დაფიქსირდა ფრანცისკანელი მონაზვნების ლოცვის დროსაც.მეცნიერის განმარტებით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ლოცვა და მედიტაცია ყურადღების კონცენტრაციასა და გონებრივ ფოკუსირებას მოითხოვს.2. თხემის წილი - სივრცისა და საკუთარი თავის აღქმატვინის თხემის წილი მონაწილეობს სივრცეში ორიენტაციასა და საკუთარი სხეულის გარემოსგან გამიჯვნის პროცესში.ნიუბერგის კვლევებში ტიბეტელი ბუდისტი მედიტანტებისა და ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ღრმა მედიტაციისა და ლოცვის დროს თხემის წილის გარკვეულ უბნებში აქტივობა მცირდებოდა.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილებას შესაძლოა უკავშირდებოდეს ის განცდა, რომელსაც ადამიანები ღრმა სულიერი გამოცდილებისას აღწერენ. დროისა და სივრცის შეგრძნების შესუსტება და საკუთარ თავსა და გარემოს შორის საზღვრის გაქრობა.3. ტვინის ემოციური ქსელები - შფოთვა და შინაგანი სიმშვიდელოცვისა და მედიტაციის კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ნერვულ ქსელებსაც, რომლებიც ემოციურ რეაქციებსა და სტრესის რეგულირებაში მონაწილეობენ.2026 წლის სისტემური მიმოხილვის მიხედვით, სულიერი და რელიგიური პრაქტიკები დაკავშირებულია ტვინის რამდენიმე მნიშვნელოვან უბანთან, მათ შორის ამიგდალასთან, რომელიც შიშისა და ემოციური საფრთხის აღქმაში მონაწილეობს.ეს მონაცემები მკვლევრებს აძლევს საფუძველს, შეისწავლონ, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს რეგულარული სულიერი პრაქტიკა ემოციური მდგომარეობისა და შფოთვის რეგულირებას. თუმცა ლოცვის შედეგად ამიგდალას აქტივობის შემცირება ყველა ადამიანისთვის დადასტურებულ უნივერსალურ ეფექტად ჯერ ვერ ჩაითვლება.4. ნეიროპლასტიურობა - შეუძლია თუ არა ლოცვას ტვინის შეცვლა?ადამიანის ტვინს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ცვლილებისა და ადაპტაციის უნარი, რასაც ნეიროპლასტიურობა ეწოდება. განმეორებადი გამოცდილება და პრაქტიკა ნერვული ქსელების მუშაობაზე გავლენას ახდენს.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხანგრძლივმა მედიტაციურმა და სულიერმა პრაქტიკამ შესაძლოა ტვინის გარკვეულ სტრუქტურებსა და მათ შორის კავშირებზეც იმოქმედოს.თუმცა მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტვინის დროებითი აქტივობის ცვლილება მისი სტრუქტურული გარდაქმნისგან. არსებული კვლევები არ იძლევა საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ ყოველდღიური ლოცვა აუცილებლად ზრდის შუბლის წილის რუხი ნივთიერების სიმჭიდროვეს ან იცავს ადამიანს ასაკობრივი ცვლილებებისგან.2021 წელს გამოქვეყნებულმა სისტემურმა მიმოხილვამ ლოცვის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების შესახებ რვა ექსპერიმენტული კვლევა გააანალიზა. ხუთი მათგანი ტვინის აქტივობას, სამი კი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს შეისწავლიდა.მკვლევრებმა დააფიქსირეს ცვლილებები ნერვულ აქტივობასა და ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მაჩვენებელში, მათ შორის გულისცემასა და სუნთქვასთან დაკავშირებულ პროცესებში. ამასთან, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევების რაოდენობა ჯერ კიდევ შეზღუდულია და დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.

ხან ჭენგი

პოლიტიკა • 1794119653

შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ხან ჭენგი

ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გააჩინა.„მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“, - განაცხადა ხან ჭენგმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1794118020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. „ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში.  მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.  მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა.  ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა. „ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლიზა ყენია

ტაბლოიდი • 1793992178

„რამდენიმე წუთით სხეული დავტოვე, მოვკვდი“ - ლიზა ყენიას ემოციური ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობის მოგონებებს, სულიერ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.მან გაიხსენა შემთხვევაც, რომელიც, მისი თქმით, 17 წლის ასაკში, თბილისის აეროპორტის პარკინგზე მოხდა. მომღერალი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა და იგრძნო, თითქოს სული სხეულს გამოეყო.ვიდეოში ლიზა ყენია იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე საკუთარ თავს უჩვეულოდ აღიქვამდა და ფიქრობდა, რომ მისი აზროვნება თანატოლებისგან განსხვავდებოდა.„მიუხედავად იმისა, რომ პატარა სხეულში ვიყავი, თავს ბავშვად არ ვგრძნობდი. საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვურად. ვთამაშობდი, მაგრამ ჩემში სერიოზული ლიზაც ცხოვრობდა“,- ამბობს მომღერალი.მისი თქმით, 17 წლის ასაკში მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, შიშებსა და იმედგაცრუებას განიცდიდა და ამ ემოციებთან გამკლავება უჭირდა.„ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილები ვართ. დიდი თავისუფლების, სიყვარულის და ინტელექტის გაგრძელებები ვართ. ჩვენი სხეულები — ავატარები, უბრალოდ, ფორმებია, რომ აქ შევიგრძნოთ სხვადასხვა შეგრძნებები, მივიღოთ გამოცდილებები. სინამდვილეში ყველა ერთნი ვართ. და ეს ერთი მხოლოდ სიყვარულია“, — ამბობს ლიზა ყენია.

შსს

სამართალი • 1793944744

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕