ყველს კოშმარების გამოწვევა შეუძლია? - რა დაადგინეს მეცნიერებმა

ყველი

 ღამით ყველის მიღებასა და სიზმრებს შორის, ერთი შეხედვით, კავშირი არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ზოგი ადამიანი მეორის მიზეზად სწორედ პირველს ასახელებს, მაგრამ ეს საკითხი მეცნიერულად ნაკლებადაა შესწავლილი.

მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე ტორ ნიელსენმა თავის გუნდთან ერთად ამ ორი ფაქტორის ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა გადაწყვიტა. მათ ფსიქოლოგიის მიმართულების 1082 სტუდენტს ონლაინ გამოკითხვა ჩაუტარეს, რომელიც მათ კვებით ჩვევებს, ძილის ხარისხსა და სიზმრებს, განსაკუთრებით კოშმარებს, ეხებოდა. ასევე, მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, როგორ მოქმედებს მათ ძილსა და სიზმრებზე კონკრეტული საკვები ან ჭამის დრო.

სტუდენტების მხოლოდ 5.5% ფიქრობდა, რომ საკვების ტიპსა და მისი მიღების დროს სიზმრებზე გავლენა არ ჰქონდა. დანარჩენმა მონაწილეებმა ძილის ცვლილებებთან რძის პროდუქტების ან ტკბილეულის გვიან ჭამა დააკავშირეს. მათი 31% კოშმარებს დესერტებს აბრალებდა, ხოლო 22% — რძის პროდუქტებს.

მეცნიერებმა მჭიდრო ასოციაცია გამოავლინეს ლაქტოზის აუტანლობას/საკვების მიმართ ალერგიებს, კოშმარებსა და ცუდი ხარისხის ძილს შორისაც. სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაში აირები გროვდება და ტკივილს იწვევს, რაც ძილს არღვევს. აქედან ასკვნიან, რომ რაციონის შერჩევისას მსგავსი პრობლემების გათვალისწინება, შესაძლოა, უკეთესად გამოძინებაში დაგვეხმაროს.

"კოშმარები უფრო შემაწუხებელი იმ ადამიანებშია, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემები და ძილის დარღვევა აქვთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ვიცით, რომ სხეულებრივ შეგრძნებებს სიზმრებზე ზემოქმედება შეუძლია. კოშმარები ძალიან დამაზიანებელია — განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ხშირია, რადგან ამის გამო ადამიანს დისფორიულ მდგომარეობაში ეღვიძება. შესაძლებელია, შედეგად ძილის არიდების ჩვევებიც ჩამოყალიბდეს. ორივე ასეთი სიმპტომი მშვიდ ძილში გვიშლის ხელს", — აცხადებს ტორ ნიელსენი.

ავტორები ამბობენ, რომ არაჯანსაღად კვება და გვიან ჭამა ძლიერ კოშმარებთან ასოცირდება და სიზმრების გახსენებასაც ართულებს. ჯანსაღი პროდუქტების მიღებასა და გვიან ჭამისგან თავის შეკავებას ამის საპირისპირო ეფექტი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ეს კავშირები გამოიკვეთა, ის მაინც კითხვარებზე მონაწილეთა პასუხებს ემყარება და რაიმე რეალურ მექანიზმს არ ავლენს. მეცნიერების თქმით, მეტის გასაგებად უფრო ბევრი ადამიანის შესწავლაა საჭირო, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იქნებიან. ასევე, სამომავლო კვლევისთვის განიხილავენ, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს ღამით ყველი მიაღებინონ, მეორე კი კონტროლ ჯგუფი იყოს და სხვა პროდუქტს იღებდეს. ეს იმის დადგენაში დაგვეხმარება, მართლაც იწვევს თუ არა კოშმარებს ყველი და სხვა მსგავსი საკვები.