„ყველა აბის შუაზე გაყოფა უსაფრთხო არ არის“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

წამლები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო თემას ეხმაურება და განმარტავს, რომ ყველა აბის შუაზე გაყოფა უსაფრთხო არ არის.

მისი თქმით, არსებობს მედიკამენტები, რომელთა დამცავი გარსი სპეციალურადაა შექმნილი, რათა პრეპარატი ორგანიზმში სწორ დროსა და სწორ ადგილას გაიხსნას. ასეთ შემთხვევაში აბის გაყოფამ შეიძლება მედიკამენტის ეფექტიანობა შეამციროს ან არასასურველი გვერდითი მოვლენებიც კი გამოიწვიოს.

ღოღობერიძე ასევე აღნიშნავს, რომ აბის გაყოფა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ:

ტაბლეტს სპეციალური გამყოფი ხაზი აქვს; ამის შესახებ ინსტრუქციაში პირდაპირ არის მითითებული; ან ექიმმა/ფარმაცევტმა გირჩიათ.

ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, მედიკამენტების მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და თვითნებურად არ შეცვალონ მათი მიღების ფორმა.