1768679274
ვინ არ შეიძლება ავირჩიოთ ნათლიად და შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლობაზე - მოძღვრის განმარტება
ქრისტიანულ სამყაროში ბავშვის ნათლობა მთელი ოჯახისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავად ნათლიის არჩევას აქვს.
ნათლიდედა და ნათლიმამა ის ადამიანები არიან, რომლებიც პატარას სულიერი ცხოვრების დაწყებაში და ცდუნებების დაძლევაში უნდა დეხმარნონ. აქედან გამომდინარე, ნათლიის არჩევა ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ნათლიად არჩევა არ შეიძლება ან არ არის რეკომენდებული. ასეთებია:
გოგონა 14 წელზე ნაკლები ასაკის და ბიჭი - 15 წელზე ნაკლები ასაკის. სხვა ადამიანის სულიერი აღზრდით დაკავება მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.
ბერი ან მონაზონი.
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი.
რეკომენდებული არ არის ნათლიებად ცოლ-ქმრის არჩევა. აქედან გამომდინარე, ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინებაც იკრძალება.
ნათლიები ვერ იქნებიან ასევე ბავშვის ბიოლოგიური დედა და მამა.
არსებობს ასევე ცრურწმენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ნათლიის არჩევაზე:
ბევრს სჯერა, რომ გოგოს ნათლიად არ უნდა აირჩიო გაუთხოვარი ქალი, ხოლო ბიჭის ნათლიად - დაუოჯახებელი მამაკაცი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ ცრურწმენაა, რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.
კიდევ ერთი ასეთი ცრურწმენა უკავშირდება ორსულ ქალებს, რომელთა ნათლიად არჩევაზეც ხშირად ამბობენ უარს. ეკლესია ამას არ კრძალავს. ამ დროს გასათვალისწინებელი მხოლოდ ის არის, შეძლებს თუ არა ნათლობის მთელი რიტუალის განმავლობაში ორსული ქალი ფეხზე დგომას, ანუ მისცემს თუ არა ჯანმრთელობა და ორსულობის ვადა მას ამის საშუალებას.
შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე?
„ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტიანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს.
თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე - ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.“ - ხსნის მოძღვარი ანდრია კემულარია.












