VIDEO - ძიძას ბავშვი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჰყავდა გაყვანილი - „კურიერი PS-ის“ ექსპერიმენტი და უმძიმესი ისტორიები ძიძებზე

ძიძა

ვის ვანდობთ ჩვენს შვილებს ? "კურიერი PS" დაინტერესდა თემით, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება. მოძალადე ძიძები - მაშინ როცა მშობლები შვილებს აღმზრდელებს ანდობენ და, მათი აზრით, უსაფრთხო გარემოში ტოვებენ, შესაძლოა ცდებოდნენ და რეალობა იმდენად შემზარავი აღმოჩნდეს, რომ მონათხრობის დაჯერებაც კი გაგვიჭირდეთ.

არათუ მონათხრობის, არამედ, საკუთარი თვალით ნანახის დაჯერება გაუჭირდა ერთ-ერთ მშობელს, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ძიძას მისი შვილი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჰყავდა გაყვანილი. ფსიქოლოგიურ ტერორის ზოგიერთ შემთხვევაში ძიძის მხრიდან ფიზიკურიც ერთვის და ამის არაერთი შემთხვევა არსებობს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. მართალია, მასში ძალადობა არ ჩანდა, თუმცა ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ კადრების გადაღებამდე, ქალი მცირეწლოვან ბავშვს უყვიროდა და ურტყამდა. ამ ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

სწორედ ამიტომ "კურიერი პიესმა" სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. რა ხდება მაშინ როდესაც ჩვენი შვილები სრულიად უცხო ადამიანების ხელში ხვდებიან და როგორ ვრეაგირებთ როდესაც ვხედავთ რომ ბავშვს უყვირიან - "დილა მშვიდობისა საქართველოს" ჟურნალისტის ნინი ტაველიძის რეპორტაჟში ჩანს, რომ 2 საათის განმავლობაში ძიძის მიერ ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტით, მხოლოდ ერთი მოქალაქე დაინტერესდა.

საზოგადოების მხრიდან ძიძის მხრიდან ძალადობის ფაქტების უგულებელყოფა, მსგავსი შემთხვევის იდენტიფიცირებასა და პრევენციას საგრძნობლად ართულებს. შედეგად მშობლების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ ძიძის მიერ სასეირნოდ გაყვანილი ბავშვი, შესაძლოა, აღმზრდელისაგან ძალადობის მსხვერპლი იყოს... მათ შორისაა ნინო ბურდულიც, რომელმაც ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ უფროსი შვილის მიერ გადაღებული ვიდეოდან სრულიად შემთხვევით შეიტყო.

მშობელს სახლში ვიდეო სათვალთვალო კამერაც ჰქონდა დამონტაჟებული. თუმცა, აღმზრდელი კამერის თანდასწრებით არასრულწლოვნის მიმართ მხოლოდ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა. 

„7 საათის განმავლობაში მისი უყურადღებობის გამო ჩემი 1 წლის ბავშვი, ერთხელ დივანიდან გადმოვარდა და ოთახში მარტო დარჩენილი წაიქცა. ბავშვის ისტერიული ტირილი ძიძამ არაფრად ჩააგდო და არც კი ეცადა მის დამშვიდებას. აჭამა თავისი ნაპირალი საჭმელი, ასევე ბანანის ქერქი და ფეხსაცმელი. მთელი დღის განმავლობაში ექცეოდა ძალიან უხეშად და უყურადღებოდ. დღის ბოლოს კი სახლში მისულებს ისე დაგვხვდა, თითქოს ძალიან ბედნიერად გაატარეს დღე" - ჰყვება კიდევ ერთი მშობელი.

ორივე შემთხვევაში მშობლებმა ბავშვისთვის აღმზრდელები, ძიძების სააგენტოდან აიყვანეს. ისინი ოჯახებს აფრთხილებენ, რომ სააგენტოების რეკომენდაციებს არ ენდონ და სიფრთხილე გამოიჩინონ. 

ძიძების მხრიდან ძალადობის შემთხვევები როგორც საქართველოში ისე დანარჩენ მსოფლიოში ხშირია, ოფიციალური სტატისტიკა კი საგანგაშო. თუმცა რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან სტატისტიკაში არ ხვდება აღმზრდელების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა.