1775936410
უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, მისი სწავლებები დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში - მეუფე შიო (მუჯირი)
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21), – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას.
„უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს“, – ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.












