1742723006
უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

„უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი. ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!“, – წერს დავით ქაცარავა.
უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.