„უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს“ - მეუფე შიო

shio

უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა, არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი, უფრო მნიშვნელოვანი.

დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ზაქეს ეს პროფესია დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მექრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს სძულდათ.

ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედიოდა, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა უფალი. ე.ი. მთელი ამ ქალაქის თვალწინ (ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა), ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დაეცინათ, დაემცირებინათ, ოღონდ მაცხოვარი ენახა.

გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ასეთი განწყობა; ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს, მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, ლმობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო; ჩემი ქონების ნახევარს დავურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად ავუნაზღაურებ, ოთხმაგად მივაგებო. უფალმა უთხრა: "დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხდა ზაქეს ფერისცვალება.

აი, ასეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას სძულდა და მუდამ სცოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის წყურვილმა. მას ეს წყურვილი ჰქონდა ძალიან დიდი. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით, ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს, ან ნაწყენია და ამ წყენით მოცულია, ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან გათავისუფლება და ღმერთს სთხოვენ, მაგრამ რა იშვიათია, ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას: "მე მინდა ქრისტეს დანახვა!". სწორედ ამიტომაც არ გვესმის, ჩვენც არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რომლებიც უთხრა ამ კაცს: "ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე" (ლკ. 19,5). რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა.

ამდენად, უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს.

მაშასადამე, რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? - თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ზაქეს მსგავსად, ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. მხოლოდ ასეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შიომ.