ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
შპს "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელი იმ პირებზე საუბრობს, რომლებსაც, თვითნებურად დაკავებული ფართების პარალელურად, კერძო უძრავი ქონება გააჩნიათ. თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლების პროცესი დასრულდა. მოქალაქეთა ნაწილი კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
თვალჭრელიძის №1, №1ა და №1ბ ნომრებში არსებული შენობა-ნაგებობები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით, მეოთხე ხარისხისაა, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება. საცხოვრებელი რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს. ძველი ქარხნის ავარიული შენობიდან მაცხოვრებლების გამოსახლების აუცილებლობაზე საუბრობს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.
კერძო მესაკუთრის უფლებების დაცვასა და, ამავდროულად, ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებაზე აკეთებს აქცენტს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, ურბანისტი ნიკო კახეთელიძეც.
მერია რომ, კანონის მიხედვით, საცხოვრისით მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს უზრუნველყოფს - ამას თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც განმარტავს.
კერძო საკუთრებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ განმარტა, რომ თვალჭრელიძის №1-ში მცხოვრები, თბილისში რეგისტრირებული 9 ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ 3 დათანხმდა. მათგან 2 ქირით დაკმაყოფილდა, ერთს კი უარი ეთქვა საკუთრებაში დაფიქსირებული ქონების გამო.
კახა კალაძემ იმ პირთა სიაც წარმოადგინა, რომლებსაც ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან უკვე აქვს მიღებული კომპენსაცია - როგორც ფულადი, ისე უძრავი ქონების სახით. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კერძო მესაკუთრის დავასა და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მუნიციპალური ორგანო ვერ ჩაერევა.
თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები კომპანია შპს "ბლექ სი ფროფერთიმ" 2022 წელს, საინვესტიციოდ შეიძინა, და მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თუმცა, 2023 წლიდან, მეპატრონეს ხელი საკუთრების განკარგვასა და მართვაში თვითნებურად, უკანონოდ შესახლებულმა მოქალაქეებმა შეუშალეს. კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა - უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 8 ნოემბერს "ბლექ სი ფროფერთიმ" საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა.