ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

ტურიზმი

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.

საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში სოციალურ ქსელებსა და რადიოში, ასევე ქუჩის ბილბორდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარებს. კამპანიის მიზანია სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია.

აბუ-დაბის, დუბაის, ქუვეითისა და ჯედას ცენტრალ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბილბორდებია განთავსებული, მონიტორებზე კი საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს.

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას რეკლამირებას უწევენ ინფლუენსერები. სოციალურ ქსელებში, მოგზაურ ინფლუენსერთა საერთო გამომწერთა რაოდენობა მილიონს შეადგენს.

ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ვიდეორგოლებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ, პარალელურად სპარსეთის ყურის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტურები იმართება, ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. კამპანია მოიცავს თანამშრომლობას საქართველოს კერძო სექტორთან, B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს, კონფერენციებსა და პრეზენტაციებს.