„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ციდა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“:

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან დალეული სითხით შემდეგ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.

გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ბაკურიანი ციდას" წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.