ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეხება

ცვლილება

1-ელი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის გარკვეული ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე კონტროლი მკაცრდება. 

კერძოდ, 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის ანგარიშიდან განხორციელებული 500 ლარზე მეტი აზარტული თამაშების, კრიპტოაქტივებისა და სხვა მაღალი რისკის მქონე ოპერაცია შესაძლოა საეჭვო ტრანზაქციად ჩაითვალოს და დამატებით შემოწმებას დაექვემდებაროს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება აპრილში მიიღო. ცვლილება ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ახალი რეგულაციის მიზანია მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების - თაღლითური სქემებისგან დაცვის გაძლიერება.

განახლებული რეგულაციით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

ცვლილებები, მათ შორის, ეხება ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია აზარტულ თამაშებთან, კრიპტოაქტივებთან, ფორექსთან, საინვესტიციო საქმიანობასთან და სხვა მაღალი რისკის მქონე მიმართულებებთან.

ამასთან, ახალი რეგულაცია არ ნიშნავს, რომ 60 წელს გადაცილებულ პირებს მსგავსი ოპერაციების განხორციელება სრულად აეკრძალებათ. საუბარია დამატებით კონტროლსა და უსაფრთხოების მექანიზმებზე, რომლებიც შესაძლო თაღლითობის შემთხვევების გამოვლენასა და თავიდან აცილებას ემსახურება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანი მომხმარებლების ფინანსური უსაფრთხოების გაძლიერება და მათ წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითური სქემების პრევენციაა.