ცნობილია რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად

გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1 715 აბიტურიენტი. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.

საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 506 აბიტურიენტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.