ცნობილი ხდება ფოთში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ვინაობა - მას 4 შვილი დარჩა

ფოთი

ფოთში, ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივზე სოციალურ ქსელში მსჯელობენ.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცი ზაზა კარბაიაა.

გადაცვლილი ქალი კი 47 წლის ინგა ყალიჩავაა. მამაკაცმა, სავარაუდოდ, მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა. ბრალდებული სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დააკავეს.

„ფოთში ასეთი რამ არ ხდებოდა. მიკვირს ასეთი საზარელი დანაშაული. ფოთს ყოველთვის აღნიშნავდნენ, როგორც მშვიდ ქალაქს. ეს საშინელებაა, რა ეშველება ბავშვებს, არც დედა, არც მამა.

ღმერთო ოთხი შვილის დედა როგორ გაიმეტა,ნათელი მის სულს“,- წერენ ფოთელები ერთ-ერთ ჯგუფში.

47 წლის გარდაცვლილი ქალი ფოთში აკაკის ქუჩაზე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

შსს-ს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕