„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები

თბილსერვის ჯგუფი

გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტერიტორია გაკონტროლდება, რათა აღარ მოხდეს ნარჩენების უკანონოდ განთავსება.

დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე. ჩვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მოსახლეობისთვის საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებია, იწყება 9 ლარიდან. მიზერულ ფასად შეგვიძლია არასაყოფაცხოვრებო, სარემონტო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების ადგილიდან გატანა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.