„ტანსაცმლის გადაყრა არ არის საჭირო, ჩააწყვეთ ცელოფანში და გაყინეთ“ - ექიმი, მუნთან კონტაქტისას დეზინფექციის და უსაფრთხოების ზომებს განმარტავს

მუნი

დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ასევე, სპეციალისტი ასახელებს იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, ტანსაცმლიდან და სხვადასხვა ნივთიდან მუნის გამომწვევი ტკიპა მოვაშოროთ:

მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.

ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.