სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

ფრინველთა სასაკლაო

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას (მისამართი: სენაკი, ნოსირი, 22-ე ქუჩა N27) კუთვნილი ფრინველთა (მწყრის) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის ფაქტი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.