სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა „საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მერაბ მეტრეველი.

„ბატონმა მერაბმა თავისი პროფესიული საქმიანობის მრავალი წელი ქართული სპორტის, განათლებისა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას მიუძღვნა.

მისი პროფესიული გზა ხელბურთს უკავშირდება - სხვადასხვა წლებში მუშაობდა უფროს მწვრთნელად, იყო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის სპეციალისტი. იგი ხელმძღვანელობდა ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელს, მუშაობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იყო ოლიმპიური მზადების შტაბის უფროსი.

მერაბ მეტრეველი ასევე იყო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და წლების განმავლობაში ემსახურებოდა სპორტული განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების საქმეს.

2015 წლიდან მისი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს. 2017 - 2023 წლებში ხელმძღვანელობდა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრს, ხოლო 2023 წლიდან იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ბატონი მერაბი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ერთგულებით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის საქმიანობისა და ქართული სპორტული განათლების განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია უნივერსიტეტისა და მთელი სპორტული საზოგადოებისთვის.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მერაბ მეტრეველის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ვიზიარებთ მათ უდიდეს ტკივილს. ბატონი მერაბის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის ისტორიასა და მისი კოლეგების გულებში... პანაშვიდი:სამშაბათი და ოთხშაბათი17:00 - 20:00გასვენება:ხუთშაბათი, 14:00სარიტუალო დარბაზი, II სართულიმისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №6ა