„სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული“ – გონიოში, ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის დის ემოციური პოსტი

მეგი და ნაზი ჯაიანები

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა. მეგის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და ტექსტს გვიზიარებს.

„მე უშენობით, ვარ უბედური.. წყალში ვდგევარ და ვიწვი..” ეს სიტყვები ზუსტად გადმოცემს ჩემს მდგომარეობას, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძიმდება…სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ფიქრებში მხოლოდ შენ ხარ და მეც ჩემი გონებით და სხეულით, მხოლოდ შენთან ვარ!. მეგიკუნა, ჩემი შენდამი მონატრება უსასრულოა.. დღემდე და ცხოვრების ბოლომდე უსამართლობის გრძნობა არ მომასვენებს, რატომ და რისთვის? შენნაირი გულის ადამიანი ასეთ პატარა ასაკში არ იმსახურებდა დასასრულს დაო…თან როგორ დასასრულს? არის დღეები, სადაც სიჩუმეშიც კი შენი ხმა მესმის, არის დღეები როცა მგონია რომ კარს შემოაღებ და ისევ გამიღიმებ შენებურად… მაგრამ მერე უცებ მახსენდება რეალობა, მახსენდება ისევ ისე ის საშინელი დღე, ის საშინელი რიცხვი რომელმაც სამწუხაროდ დაგვაშორა ერთმანეთს…

ჩემი გულიც თან წაიღე მეგი, აღარ გამაჩნია არანაირი ემოცია და არანაირი სიხარული, რამ ან ვინ უნდა შეძლოს ჩემი ამ მდგომარეობის გამოსწორება? ვერავინ და ვერაფერი, ვერასდროს!. დღეს ისევ ისე ძლიერად მენატრები.. მენატრება შენი ხმა, შენი ღიმილი, შენი ყოფნა ჩემს გვერდით. ყოველდღე შენი სახელი და მოგონებები ტრიალებს ჩემს გონებაში, ჩემი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ შენ ხარ…ჩემს გულში ისევ ცოცხალი ხარ, ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი… ყოველთვის მემახსოვრები, როგორც ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ნაწილი. მონატრება არ ნელდება და არც არასდროს განელდება… ჩემი სულიერი სიმშვიდე, მხოლოდ შენთან მომეპოვება.. ვიცი და გულით მჯერა რომ ჩვენი ყველა საუბარი გესმის, ვიცი რომ ამ მონატრებასაც გრძნობ, ისიც ვიცი რომ შენ სადაც ხარ, იქედანაც არ იშურებ სიყვარულს და მფარველობას ჩვენთვის…

მაგრამ გულით გთხოვ, სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული და ერთჯერ მაინც ესტუმრე სიზმრად, ჩვენი ყოველი საღამო იმ იმედით და იმაზე ფიქრით მთავრდება, რომ სიზმრად მაინც მოხვალ ჩვენთან.. არ ვიცი, როგორ უძლებს გული ამ ყველაფერს, მართლა არ ვიცი.. ვიცი რომ ამ ტკივილიან გზას დასასრული არ აქვს, არც შენ მონატრებას, რადგან ყოველყოველ ჯერზე თავიდან იწყება და უფროდაუფრო იზრდება.. მიყვარხარ უსასრულოდ და სამუდამოდ! იცოდე, ამ მტრედს, ჩემი მთელი გული თან გამოვაყოლე შენამდე!“, – წერს ნაზი ჯაიანი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.