„შენი მოსწავლეებიც თვალცრემლიანები შემოგვყურებენ, მაგრამ ვერაფრით ვანუგეშებთ...“ - სკოლა გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობება

ლია ჯუღელი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. თბილისის 174-ე საჯარო სკოლა მასწავლებელს, ლია ჯუღელს ემშვიდობება.

„ლია, ჩვენო თბილო, ტკბილო და ერთგულო მეგობარო! გვიჭირს შენზე წარსულ დროში ლაპარაკი, შენი კოლეგები ერთმანეთს თვალს ვარიდებთ, ვერ გვიპოვია ნუგეშის სიტყვები. ყველას შემომძახებელი და გამამხნევებელი, იმედის მომცემი მეგობარი გამოგვაკლდი, თითოეულს ჩვენი ლიაკო გვყავდა და შენც ყველას ერთნაირად უნაწილებდი შენს სიყვარულს და პოზიტიურ განწყობას.

დღეს მთელი სკოლა დუმს. შენი მოსწავლეებიც თვალცრემლიანები შემოგვყურებენ, მაგრამ ვერაფრით ვანუგეშებთ.
რამდენი ბავშვის მესაიდუმლე ყოფილხარ, რამდენი დაგიყენებია სწორ გზაზე. ალბათ, ამიტომაც საუბრობენ შენზე ასეთი სითბოთი და სიყვარულით. მშვიდობით ჩვენო ძვირფასო მეგობარო, შეხვედრამდე“, - წერია ფეისბუქპოსტში.