1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკვე ერთი თვეა, რაც რუსთაველის თეატრი დუმს, დუმს ახალგაზრდა არტისტის უდროო და მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ნიკა ქაცარიძის წასვლა ბევრმა განიცადა, განსაკუთრებით კი ამ „სახლის“ კედლებმა, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებდა.
თეატრი ისევ განაგრძობს ცხოვრებას, ოღონდ მის გარეშე და მასზე მოგონებებით, ეს მისი მეორე „სახლის“ დაუწერელი კანონია...
სარკესთან დარჩენილი აუხდენელი ოცნებები
მსახიობის საგრიმიოროში დღესაც ისევ ისეა ყველაფერი, როგორც მის სიცოცხლეში იყო. სარკეზე გაკეთებული მინაწერი: „ნიკა ქაცარიძე“, ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება. მაშინ კი, როცა მის ადგილს სხვა მსახიობი დაიკავებს, „ნიკა ქაცარიძეს“ ახალი სახელი და გვარი შეცვლის, ეს თეატრის კანონზომიერებაა. მიდის ვიღაც, თუმცა თეატრის მოგონებად მუდმივად რჩება...
ნიკა ქაცარიძის საგრიმიოროში გიდობას, მისი კოლეგა და მეგობარი, ედმონდ მინაშვილი გვიწევს.
კედლის ერთ კუთხეში ნიკას მაგიდა დგას, დანარჩენ კედლებზე კი ლევან ხურციას, ბაჩო ჩაჩიბაიასა და ირაკლი სანაიას საგრიმიოროა. თურმე ხშირად ხუმრობდა, სამ მეგრელთან ერთად ოთახში ყოფნა გაუსაძლისიაო.
სარკის გარშემო უამრავი ფოტოა. ცოლ-შვილის სურათებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ადგილების პეიზაჟებს, საოცნებო მოტოციკლეტსა და დასტებად შეკრულ რამდენიმე მილიონ დოლარსაც ნახავთ.
თურმე მთელი ცხოვრება ლატარიას თამაშობდა. სჯეროდა, რომ ჯეკპოტს მოიგებდა და კედელზე გაკრულ, ფოტოებში კადრებად შეჩერებულ ოცნებებს აიხდენდა. დღესაც მაგიდაზე დევს ლატარიის ბილეთი, რომელიც უკანასკნელად შეავსო. 5 იანვარს, ყველა ნატვრა და ოცნება, მის სიცოცხლესთან ერთად შეწყდა...
„ადრეულ ასაკში წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი, დარდი და მოგონება. ამ საგრიმიოროში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მის სიცოცხლეში იყო. ეს ლატარიის ბილეთიც აქაა, რომელიც უკანასკელად შეავსო. რაც ნიკუშას ვიცნობ, სულ თამაშობდა ლატარიას. იძახდა, დადგება დრო როცა აუცილებლად მოვიგებ ჯეკპოტსო. მისი მოგების შემდეგ კი, ის ოცნებები უნდა აესრულებინა, რომელიც სარკესთან გაკრული ჰქონდა. ეს იყო მისი ერთგვარი ინსპირაციის წყარო. მოგებული თანხით უნდა ემოგზაურა ბევრ ქვეყნებში, უნდა ეყიდა სპორტული მოტოციკლი. ბოლო ოცნება კი ოსკარის მიღებააო, ხუმრობდა...
ნიკას თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობდი. ჩვენი დამეგობრება კი მაშინ მოხდა, როცა რუსთაველის თეატრში მოვედი. ნიკა აქ დამხვდა, ორი წლის მოსული იყო. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათი ერთად ვიყავით. ჩვენი თავშეყრის მთავარი ინიციატორი ყოველთვის ნიკა იყო. საოცარი თამადა გახლდათ.
ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, რომელსაც მასავით უნდოდა, რომ დიდხანს ეცოცხლა. ძალიან ბედნიერი იყო, საოცარი თვისება ჰქონდა, რაც იშვიათია ჩვენს პროფესიაში. მხოლოდ მას შეეძლო დღეში ასჯერ ეთქვა, რომ შენ ხარ ძალიან მაგარი, ნიჭიერი და ვამაყობ, რომ შენ ხარ ჩემი ძმაკაციო. მან 43 წლის ასაკში ბევრი რამ შეძლო. ის ძალიან დიდხანს ემახსოვრება რუსთაველის თეატრს, მაყურებელს და ამით მისი შვილები იამაყებენ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რობერტ სტურუას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ნიკას რუსთაველის თეატრიდან გამოსვენების. მან სწორედ ის აჩუქა ნიკუშას, რაზეც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ნიკუშასთვის. ამაზე გვისაუბრია. სამწუხაროდ, ეს მოხდა ძალიან ადრე მოხდა...
ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მასთან მეგობრობა, სცენაზე კი პარტნიორობა მომიწია და მე სანამ ამ წუთისოფელში ვიქნები, ყოველთვის მემახსოვრება და გავიხსენებ, როგორც ძალიან ნიჭიერ, თავმდაბალ, კეთილ და თეატრზე ფანატიკურად შეყვარებულ არტისტს.
ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 4 იანვარს ვესაუბრე. მთხოვა, რომ მასთან სახლში მივსულიყავი, დედაჩემს საოცარი სუფრა აქვს გაშლილი და ბიჭები ამოდითო. 8 იანვარს სპექტაკლი, „დაკანონებული უკანონობა“ უნდა გვეთამაშა და ვუთხარი, სპექტაკლის მერე შევიკრიბოთ - მეთქი. სპექტაკლის მერე, რომ შევიკრიბებით ეგ ისედაც ვიცი, მაგრამ მე დღეს მინდა, რომ ჩემთან ამოხვიდეთ და ჩაგეხუტოთო. იგივე სიტყვები უთქვამს ძალიან ბევრისთვის. რატომღაც განსაკუთრებით გვეპატიჟებოდა იმ დღეს თეატრის ბიჭებს. თითქოს გამოგვემშვიდობა, არ ვიცი გული რას უგრძნობდა...
როგორც მითხრეს, ერთ-ერთ სპექტაკლში, მე უნდა ვითამაშო ნიკუშას მაგივრად. ეს არის ძალიან რთული. გარკვეული მიზეზების გამო მითამაშია სხვის მაგივრად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ორი სახის განწყობა მეუფლება - ერთი, რომელიც ძალიან არ მინდა, რომ გავაკეთო, რადგან უნდა დავდგე სცენაზე და ვითამაშო ის როლი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი თამაშობდა. ეს ძალიან რთულია მორალურად.
მეორე სიამაყის გრძნობაა, გავხდი ღირსი დიდი მსახიობის ნაცვლად კონკრეტულ სპექტაკლზე დაგვდე, კონკრეტულ როლში. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, რომ ღირსეულად შევასრულო.“ - ამბობს ედმონდ მინაშვილი.
ასევე ნახეთ სიუჟეტი - მეგობრები ნიკა ქაცარიძეს იხსენებენ