,,სარფისა“ და ,,ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა 100 გრამზე მეტი ,,კოკაინი“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

kokaini

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ,,კოკაინის“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, თურქეთის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული  100 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ და 50 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა სგპ ,,ბათუმის პორტშიც“. კერძოდ, ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოსულ, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 449 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები.

მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული პრეპარატები სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვა სამედიცინო მედიკამენტებთან ერთად ჰქონდა განთავსებული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ცდილობდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.