საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740213067
აღმოსავლეთ საქართველოში, უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. კახეთში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობისთვის დენის მიწოდება ეტაპობრივად ხდება. ტრანსპორტის სრული ფუნქციონირება კი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. დიდთოვლობამ განსაკუთრებული სირთულეები გამოიწვია ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სადაც საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია და გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკით ინტენსიურად მიმდინარეობს.
დიდთოვლობამ სირთულეები შექმნა აჭარის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებში ქუჩებსა და ტროტუარებს სპეციალური ტექნიკით ასუფთავებენ. იყრება ტექნიკური მარილი. იწმინდება სანიაღვრე სისტემები.
უხვი ნალექია გურიაში, რეგიონის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. სამივე მუნიციპალიტეტში იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე შიდა სასოფლო გზები.
დიდთოვლობაა ყაზბეგშიც - იწმინდება როგორც მთავარი, ისე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი, რომ ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდეს.
თოვს რაჭაში - ონის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ოთხ სოფელში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა ჯგუფებმა, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ენერგომომარაგება უკვე სრულად აღადგინეს, კახეთის, ოზურგეთისა და ქობულეთის გარკვეული სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეზღუდულია. რაიონულ ცენტრებში ენერგომომარაგება სტაბილურია.