ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ ალექსანდრე ვახტანგოვის გარდაცვალების გამო
ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი იყო რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. პროფესიული განათლება მიიღო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტსა და მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში.
ალექსანდრე ვახტანგოვი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და კომპანია „ქართული ტელეფილმის“ რეჟისორი, პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელე-რადიოინსტიტუტის რექტორი, სტუდია „აუდიენციის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წელს დააარსა სტუდია „სანდრო ვახტანგოვ
პროდაქშენი“.
სანდრო ვახტანგოვი არის 300-ზე მეტი ტელეგადაცემისა და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი; გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური, მხატვრული და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები; არაერთი მათგანი მიუძღვნა ცნობილი ხელოვანების, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებას.
მის შემოქმედებაში, მუსიკალურ თემატიკას და, ზოგადად, მხატვრული ფენომენის კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რეჟისორი საკუთარი ფილმებით კინემატოგრაფიულად ასახავდა ხელოვანის სამყაროს, მის შემოქმედებით ლაბორატორიას, მუსიკას, როგორც აზროვნების ფორმას და ადამიანის სულიერ თავშესაფარს.
რეჟისორს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის – კანის სატელევიზიო ფესტივალისა და მონტროს ფესტივალ „ოქროს ვარდის“ სპეციალური დიპლომები, „მანა 96“ ნომინაციაში “წლის საუკეთესო რეჟისორი”; იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ევრაზიის კინოაკადემიის ნამდვილი წევრი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე ვახტანგოვის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”