1745863963
საქართველო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე Arabian Travel Market ATM 2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, Arabian Travel Market ATM 2025 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია წარდგა.
დუბაის ტურისტულ გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ATM 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და PR ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.
„ATM-2025 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენაა, საქართველო მრავალი წელია მონაწილეობს, ჩვენთან ერთად ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია 33 კერძო კომპანია, 4 დღის განმავლობაში ჩვენ შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი პარტნიორებთან, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, კერძო კომპანიები ატარებენ საქმიან შეხვედრებს, რომ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“-განაცხადა მაია ომიაძემ.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ.
ATM 2025-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით.
„ყოველწლიურად აქტიურად ვმასპინძლობთ სტუმრებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. წელსაც დიდი მოლოდინი გვაქვს. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდია დაინტერესება საქართველოს მიმართ ამ ტურისტული ბაზრებიდან დუბაის ტურისტულ გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა“-ამბობს სასტუმრო ბილტმორი თბილისის გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე.
„დუბაის ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად ვესწრებით, რადგან არაბული ქვეყნები ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზრებია საქართველოსთვის. ჩვენთვის ეს გამოფენა ყოველთვის ნაყოფიერია. ამ გამოფენაზე ვხვდებით როგორც არსებულ პარტნიორებს, ასევე პოტენციურ კლიენტებს, რომლებთანაც შემდეგ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაბული ქვეყნებიდან ინტერესი ძალიან დიდია, მათ მოსწონთ საქართველოს ბუნება და ქართული სამზარეულო“-განაცხადა ტურისტული კომპანია ვოიაჟერის წარმომადგენელმა სოფო მეძველიამ.
დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. ATM-2025-ს 55 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.