1750105182
სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადაეცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და შედეგზე ორიერნტირებულ თანამშრომლობას.; მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს ვეტერანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის; საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნეს, რომ თურქული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელთაც TIKA საქართველოში, მით უფრო, საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს, რადგან მათთვის განსაკუთრებული პატივია, თანადგომა გამოხატონ იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, ვინც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ. თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავ განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს თბილისის კოორდინატორი ზეინეფ ბაირაქი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ჰოსპიტლის მედპერსონალი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ურთიერთობა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან 2016 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგია სამსახურის საკონფერენციო დარბაზი, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, TIKA-ს თანადგომით 2018 წელს განხორციელდა. თანამშრომლობამ შემდეგ მოიცვა სოფლის მეურნეობის სფეროც - TIKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 2022 წელს გადასცა 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, დღეს კი, თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და სამედიცინო სფეროც მოიცვა.
„TIKA“ თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, თითქმის ყველა რეგიონში, 1994 წლიდან, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.