სამი მიმართულება, სადაც ამ დროისთვის გადაადგილება აკრძალულია - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გზები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი - დიდგორი - დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული - ლასდილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი - უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი - უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1 - კმ29 (ზუგდიდი - ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.