სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციების ზრდა იგეგმება

განცხადება

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციების ზრდა იგეგმება. მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით უკვე წარუდგინა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა, 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობისთვის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან (1 500 ლარიდან – 2 500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები. კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით 8 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა დაჯარიმდება სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არა უმეტეს 15 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი არაუმეტეს 10 000 ლარისა).

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5 000 ლარისა (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარიდან 500 ლარამდე დადგენილი ჯარიმისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით დაჯარიმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი არაუმეტეს 1 000 ლარისა). მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 000 ლარისა).

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 300 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობისა).

სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 000 ლარისა). ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 2 000 ლარისა).

ამავე პროექტით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა).

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარისა). აღნიშნული სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება. ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის.