„სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა მიმდინარე გლობალური კრიზისი ნაწილობრივ შეამსუბუქა“ - გიორგი დოლიძე

გიორგი დოლიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

შეხვედრაში მონაწილე „HSC Group Hospitality“-ის დამფუძნებლის, გიორგი დოლიძის შეფასებით, დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე.

„გამოწვევა ნამდვილად გლობალურია და განპირობებულია იმ რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემიროები დროებით შეზღუდულია, ეს პირდაპირ აისახება სექტორზე. თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე, პირდაპირი ფრენების დამატებამ, 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო უსმენს კერძო სექტორის პულსს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმები. დღეს საქართველო მზად არის მეტი ტურისტის მისაღებად როგორც მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორების მზაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა გიორგი დოლიძემ.