"რომელი მორწმუნე არ იცნობდა დედა იგნატიას" - გარდაიცვალა მონაზონი, რომელიც მამა ვიტალის მიერ იყო აღკვეცილი

mamao

არქიმანდრიტი ადამ ახალაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, გარდაიცვალა დედა იგნატია, წარმოშობით ბერძენი მონაზონი, რომელიც მამა ვიტალი სიდორენკომ აღკვეცა მონაზვნად. პოსტიდან ვიგებთ, რომ მონაზონმა ერთი წლითაც კი შეიფარა საკუთარ ჭერქვეშ მამა ვიტალი. 

მამა ადამ ახალაძე: გარდაიცვალა დედა იგნატია, სქემ მონაზონი, აღკვეცილი მამა ვიტალის მიერ გასული საუკუნის 70-იან წლებში, ღვთისგან ბოძებული გამორჩეული სულიერი მშობლების, მე-20 საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწეების - სქემ არქიმანდრიტ ვიტალი სიდორენკოსა და სქემ იღუმენია სერაფიმა დიაჩენკოს ერთგული და თავდადებული შვილი.

გასული ასწლეულის 80-90-იან წლებში რომელი მორწმუნე არ იცნობდა მონაზონ დესპინეს (ეს გახლდათ მშობლებისგან დარქმეული სახელი, რომელიც მონაზვნად აღკვეცის დროს მამა ვიტალის არ შეუცვლია), განსაკუთრებით, ალექსანდრე ნეველისა და იოანე ღვთისმეტყველის ტაძრების მრევლი. შემართულობა, მტკიცე რწმენა, ეკლესიისთვის თავგანწირვა, სიტყვით და საქმით ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება გახლდათ დედაოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის აზრიც და არსიც.

ადვილი არ გახლდათ იმ უღვთო საზოგადოებაში, იმ ათეისტურ იმპერიაში ყოფილიყავი მორწმუნე, დაუფარავად გევლო ეკლესიაში და, როცა საჭირო გახდებოდა, საკუთარ ჭერქვეშ შეგეფარებინა დევნილი სასულიერო პირები (მამა ვიტალი მთელი წელი ცხოვრობდა დედა დესპინეს სახლში).
სქემმონოზონი იგნატია კანიდი, ეროვნებით ბერძენი, დიდმა ღვთისმოსაობამ დაამკვიდრა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში, დაამკვიდრა გამორჩეულ შვილად და ქრისტეს მხედრად.

წმინდანთა და მართალთა თანა განუსვენე, ქრისტე, სულსა ახალშესვენებულისა მხევლისა შენისა, სქემ მონაზონისა იგნატიასი! ამინ!

გამოსვენება წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სახელობის ეკლესიიდან (რომელიც ვერის პარკის დასაწყისში მდებარეობს) კვირას, 29 დეკემბერს, 14 საათზე.დაკრძალვა წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში, თამარწმინდაში (სოფელი შინდისი, დიდგორის ქუჩა 2).