პროდუქტი, რომელიც ხის ჭურჭელში არ უნდა შეინახოთ - ექიმის გაფრთხილება დიასახლისებს
1771158840
დღეს, 15 თებერვალს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლას გულისხმობს.
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველო საპატრიარქომ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.
,,მირქმა-მიგებების“ დღესასწაულთან დაკავშირებით
(წინათქმა)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ჩვენს რეგიონებში და, განსაკუთრებით, სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით.
სვანეთში შემორჩენილი ერთ-ერთი ტრადიციის მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა.
ამ დღეს, ასევე, მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება.
როგორც ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის სტატიაში (,,ლამპრობა-მიგებების დღესასწაული“) წერს, ,,ლამპრობის“ ხალხური წესი შემორჩენილია საქართველოს სხვა კუთხეებშიც: მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, გურიაში, იმერეთში...
***
მირქმის დღესასწაულის არსი შემდეგში მდგომარეობს: 40-ე დღეს ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, ღრმად მოხუცებული წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი, - ძველი აღთქმის მართალთა უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; მან თავის მკლავებში მიიღო რა განკაცებული ღმერთი, ძველი და ახალი აღთქმის საზღვარზე მყოფმა მადლიერებით შეიწყნარა ახლის შემოსვლა და ძველის განტევება.
მოხუცებული სვიმეონისა და ყრმა იესოს შეხვედრით დასრულდა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ,,ძველი აღთქმის“ პერიოდი, და სათავე დაედო ,,ახალი აღთქმის“ ეპოქას.
„მირქმა-მიგებების“ დღესასწაული - ეს არის დიდი ზეიმი, კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა და დადასტურება იმისა, რომ ტაძარი არის საუფლო საკრალური სივრცე, ღმერთთან ცოცხალი შეხვედრის ადგილი, ხოლო სატაძრო მსახურება ღმერთთან თანაზიარების განსაკუთრებული გზა; რომ ამიერიდან „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ დასრულდა ტანჯვისა და სულიერი სიბნელის პერიოდი და გაიხსნა ცათა სასუფევლის კარიბჭენი; ხოლო სვიმეონ მართლის მიერ მადლიერებით აღმოთქმული სიტყვები: „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა..,“ - ცხადჰყოფს, რომ ქრისტე მოვიდა არა მხოლოდ ერთი ერისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის საყოველთაო დღესასწაული.
***
ეს დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა იერუსალიმის ეკლესიაში და სხვა ეკლესიებშიც. სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ჩირაღდნებით, ლამპრებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.
ეს წესი საქართველოშიც მოქმედებდა. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, იგი დავიწყებას მიეცა და, ძირითადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოგვინახა „ლამპრობის“ სახელწოდებით.
***
,,მირქმა,“ „მიგებება,“ ,,ლამპრობა“ ერთიდაიგივე უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს.) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით.
რომის ეკლესიაში „მიგებებამ“ საერთოდაც სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებებშიც.
„ლამპრობა“ და „მიგებება“ რომ ერთი და იგივე დღესასწაულის გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“, - ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესოს მირქმის შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში - „იადგარი“.
უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში (კურთხევანი) ვხვდებით „ლამპრობის“ კვერექსებსა და „ლამპართა მიგებების“ კურთხევის წესს, რაც, კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით, „მიგებების“ დღესასწაულს შეეფარდება. „პარხალის მრავალთავში“ ლამპრობის საკითხავად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი,“ რომელიც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ „მიგებების“ დღესასწაულს გულისხობს. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული „მიგებების“ შესატყვისად.
საინტერესოა, რომ ,,უფლის მიგებების“ ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქრის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღვთისმშობლის წინ; X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი) კი იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.
იმის გასათვალისწინებლად, თუ როგორ ხდებოდა „მიგებების“ დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობა, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული „ლამპართა კურთხევის წესი“ („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.). ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია; ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIIIსს რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).
ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და ძირითადად მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა.
***
ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ მირქმის წირვისას ან წინაღამეს, მსახურების შემდეგ გადახდილი უნდა იქნას პანაშვიდი (რათა მიცვალებულებმაც ჩენთან ერთად გაიხარონ ამ დღის ზეიმით) და, ძველი წესისამებრ, ანთებული სანთლებით, ნაკურთხი წყლითა და ბაირაღებით უნდა მოხდეს ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის გარშემოვლა.
მორწმუნეებს ამ დღეს ნაკურთხი სანთელი მიაქვთ სახლში და მას მთელი წლის განმავლობაში ანთებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასევე, სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.
რაც შეეხება სახალხო მსვლელობას:
ძალიან კარგი იქნება, თუ სადღესასწაულო ლოცვის (ან წირვის) შემდეგ, სასულიერო პირები, ბავშვებთან და მრევლთან ერთად, ანთებული სანთლებით ოჯახებშიც მივლენ, ბავშვებს დაალოცინებენ ოჯახის უფროსს და მასთან სანთელს გაცვლიან, როგორც ეს სვანეთში ბოლო დრომდე ხდებოდა. ასევე, სასურველია, ,,მირქმის“ დღეს ყოველ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც, - შვილები; ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, დალოცონ ოჯახის წევრები, ახლობლები, სამშობლო და მოიხსენიონ გარდაცვლილი წინაპრები.
სანთლის კურთხევის წესი მირქმა-მიგებების დღესასწაულზე
სანთლების კურთხევა შეიძლება შესრულდეს როგორც მირქმის მწუხრის, ისე მეორე დღეს, ჟამისწირვის დამთავრების შემდეგ.
ხალხი აუნთებელი კელაპტრებით ელოდება სანთლების კურთხევას. შუა ტაძარში დადგმულ მაგიდაზე მსახურები აწყობენ საკურთხებლად გამზადებულ კელაპტრებსა და სანთლებს. მათ წინ დგამენ შანდალს, რომეზეც მღვდელი ამგრებს სამ სანთელს და ანთებს მათ.
დიაკონი:
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი:
„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაფიმნი და ქერუბიმნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო;
გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა და მსგავს კაცთა იქმენ; დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისათა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად - ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა, უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ ზედა - მადლი სულისა წმიდისა, განაბრწყინვე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა, თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა
დიაკონნი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:
მღვდელი ხელაპყრობით:
„უფალო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქმელად გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაჲთა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, ხოლო გიხილა რაჲ, ძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ უღირსთა მონათა შენთა;
ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი, ნათლითა ღმრთეებისა შენისაჲთა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე,“ ამინ.
დიაკონი:
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“
„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ − მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“
შემგომ მღვდელი ნაკურთხ წყალს ასხურებს მაგიდაზე დაწყობილ სანთლებს და იმ აუნთებელ სანთლებს რომელიც ხალხს უჭირავთ. (ანუ ერსაც ნაკურთხ წყალს ასხურებს).
შემდეგ იგი იღებს ერთ სანთელს მაგიდიდან, შანდალზე დამაგრებული სამი სანთლიდან ანთებს მას და გადაუკიდებს დიაკონსა და ტაძარში მდგომ ერს. მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება.
დიაკონი იტყვის :
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი მარჯვენა ხელში ანთებული სანთლით ამბობს:
„აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!
(შევნიშნავთ, რომ სანთლის კურთხევისათვის ეს ლოცვა იკითხება სხვა ნებისმიერ დღესაც)
გუნდი(ან ერი) გალობს:
,,აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა; ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა“.
შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით, მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობითა და გალობით უვლიან ტაძარს.
ტაძარში შესვლისას
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი: ,,უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან, რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!“
როცა სანთლის კურთხევა აღესრულება ჟამისწირვაზე, ამ ლოცვას მოებმის: ,,იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“...
და აღესრულება ჩამოლოცვა.
მირქმის დღესასწაულის წირვის დამატებები
როგორც სხვა დიდ დღესასწაულებზე, მირქმა-მიგებების სადღესასწაულო წირვაზეც, მრჩობლ კვერექსში, ძველი ტრადიციისამებრ, საჭიროა შესაბამისი მუხლების დამატება შემდეგი წესით:
_ _ _
დიაკონი: − ვთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვთქვათ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: − უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: − შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
დიაკონი: − მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა და მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის (საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოსათვის, ან/და მოიხსენოს ადგილობრივი მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსის სახელი) და ყოველთა მიტროპოლიტთა მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა,, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − მერმეცა გევედრებით: წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ძმათა წმინდისა ამის ტაძრისათა(მონასტრისათა).
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) აქა მოხსენებულთა და შემოვედრებულთა და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთა ერთათვის.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − რომელი რჯულისმდებელ ხარ და რჯულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: − რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
დიაკონი: −მერმეცა გევედრებით: ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
გუნდი ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი ან ერი: ამინ!
შეხსენება:
ქართულ სამღვდელო კონდაკებში(ვახტანგ ბატონიშვილი, ტფილისი 1710წ. 196-206 გვ.) მოიპოვება ლოცვანი „ერის განტევებისა − ყოველთა დღესასწაულთანი“. ქართული ლიტურგიკული პრაქტიკის მიხედვით, მირქმის დღესასწაულისთვისაც განწესებულია ამბიონის ქვედა-წინარე ადგილას წარმოსათქმელი სადღესასწაულო განტევების ლოცვა, (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2023წ. 201გვ. ).
ასე რომ, ჟამისწირვის დასასრულს განწესებული ლოცვის(„რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა...“) ნაცვლად ამბიონის წინ წაიკითხება მირქმა-მიგებების დღესასწაულის განსატევებელი “წინაჲთ კერძო ამბონისაჲ”ლოცვა.
მღვდელი: - ,,მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მხოლოდშობილი ძე შენი მოავლინე სოფლად, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაითა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს, და რაჲთა ჩვენ შვილებაჲ იგი მოვიღოთ სულისა შენისა მიერ ყოვლად წმიდისა. რომლისა მოსლვა მისი მოხუცებულსა სვიმეონს წინათვე ახარე, და ესე მო-რაჲ-ვიდა ტაძრად, აუწყე მას. შენ, მეუფეო სახიერო, ჩვენცა უღირსნი მონანი შენნი განგვანათლენ ბრწყინვალებითა შენითა, და შეიწირე კნინი ესე ვედრებაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელისა შენისა ანნას აღსარება. და ღირს მყვენ ჩვენ საცნაურითა წიაღითა სამარადისოდ შეტკბობად სიტყუასა შენსა განხორციელებულსა უქცეველად, და ტაძრად განწმედილად წოდებად ყოვლად წმიდისა სულისა შენისა. და მორწმუნესა ერსა ჩვენსა მეუფებასა მისსა ახარე ძალითა შენითა და მტერთა მიმართ ძლევა მიანიჭე მას, რაითა ჩვენ მიერცა იდიდოს დიდად შუენიერი და უფროჲსად დიდებული სახელი შენი, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ყოვლად წმიდისა და სახიერისა და ცხოველს მყოფელისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.