„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ჩახუტება ფიზიკური სიახლოვის მნიშვნელოვანი ფორმაა. მათი ტიპებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი ურთიერთობა აქვთ ადამიანებს − ფორმალური, მეგობრული თუ რომანტიკული, წერენ ჟურნალ Marie Claire-ს ექსპერტები.
მათი თქმით, თუ ქალი მამაკაცის გრძნობებში დარწმუნებული არ არის, ჩახუტების ფორმა მას მნიშვნელოვან მინიშნებას მისცემს.
არსებობს ჩახუტების შემდეგი ტიპები:
ჩახუტება ცალი ხელით − ამ დროს მამაკაცი ქალს ხელს წელზე ან მხრებზე ხვევს. როგორც წესი, ეს ჟესტი დამახასიათებელია კარგი ნაცნობებისთვის, რომლებიც არცთუ ისე ახლოს არიან.
ჩახუტება დისტანციის დაცვით − ეს ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგომი ადამიანების ჩახუტებაა. ამ დროს მათი ტორსების ზედა ნაწილი შეიძლება ეხებოდეს ერთმანეთს, თუმცა ქვედა ნაწილი ერთმანეთისგან დაშორებულია. შესაბამისად, ამ ტიპის ჩახუტება არ უნდა აღიქვათ სექსუალური, ან რომანტიკული ინტერესის გამომჟღავნებად. ასე ხშირად კარგი მეგობრები ეხუტებიან ერთმანეთს შეხვედრისას. დისტანციური ჩახუტების ხანგრძლივობაზე, როგორც წესი, გავლენას მონატრების ხარისხი ახდენს.
ჩახუტება ხელის შემოკვრით − თუ ჩახუტების დროს ადამიანი რბილად გარტყამთ ხელს მხრებზე, ამით ის თქვენდამი მხარდაჭერას გამოხატავს, ცდილობს გაგრძნობინოთ, რომ შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ეს თბილი ჟესტი დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ წრფელი გრძნობები აქვთ.
ჩახუტება უკნიდან − ამ ტიპის ჩახუტება გავრცელებულია იმ ადამიანებს შორის, რომელთა შორისაც ძალიან თბილი, ზოგჯერ რომანტიკული ურთიერთობები სუფევს. ამავდროულად უკნიდან ჩახუტებული ადამიანი მეორეს არავერბალურად ეუბნება: „მე ზურგს გიმაგრებ, ყოველთვის დაგფარავ ყოველგვარი უბედურებისგან“.
წელზე ორივე ხელის შემოხვევა − თუ მამაკაცი ალერსიანად შემოგხვევთ ხელებს წელზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი ხართ. ასეთი ჟესტი ზოგჯერ წინ უსწრებს კოცნას.
სუნთქვის შემკვრელი ჩახუტება − ამ ტიპის ჩახუტება დამახასიათებელია ძალიან ახლო მეგობრებისთვის ან რომანტიკული პარტნიორებისთვის და ნიშნავს ურთიერთსიყვარულს, სინაზესა და უპირობო მხარდაჭერას. ამ დროს ორივე პარტნიორი დაცულად გრძნობს თავს და ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფენ. ასეთი ჩახუტება შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
კისერზე ხელის მოხვევა − თუ მამაკაცი მაგრად გხვევთ ხელს კისერზე, ეს ურთიერთობებში მის დომინირებაზე მეტყველებს. ამ ჟესტით ის გაჩვენებთ, რომ თქვენზე მისი ძალაუფლება ვრცელდება. დიახ, ის ძალიან დაინტერესებულია თქვენით, მაგრამ ამავდროულად მკაფიოდ გაგრძნობინებთ, ვინ არის აქ „უფროსი“.
ჩახუტება „თვალი თვალში“ − ამ დროს ქალი მამაკაცს ხელებს კისერზე ხვევს, კაცი კი − წელზე, და სახეში უყურებენ ერთმანეთს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ჭეშმარიტად ღრმა რომანტიკული გრძნობები აკავშირებთ − გულწრფელად უყვართ ერთმანეთი.