როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის თამარ პაპაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 25-26 ივნისიდან გამოიდარებს.

24 ივნისიდან ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსის პროგნოზით, ქვეყანაში მზიანი ამინდები 2-3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

„ტემპერატურა მოიმატებს, მზეც გამოვა და გაიფანტება ღრუბლები. 24, 25, 26-ში გამოიდარებს, 27-ში, დღის მეორე ნახევრიდან გაფუჭდება ამინდი დასავლეთ საქართველოში. აქ [თბილისში] ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება ივლისს, ისევე, როგორც მაისსა და ივნისში დაფიქსირდა ნორმაზე მეტი ნალექი, ისევ მეტ ნალექს ველოდებით, მაგრამ ამასთანავე, ველოდებით ტემპერატურის მატებასაც“, - ამბობს თამარ პაპაშვილი.

როგორც მან „იმედის დილის“ ეთერში აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, წვიმიანი დღეების მაქსიმალური რაოდენობა ივნისის თვეში ჯამში 13 დღეს მოიცავს, მიმდინარე თვეში წვიმიანი დღეების რაოდენობამ ამ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და ივნისის 20 დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 დღე იწვიმა. სინოპტიკოსი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე მეტი ნალექია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.

„მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი, ბალკანეთის ქვეყნები, მთელი კავკასია, თურქეთის ნაწილი, უკრაინის და რუსეთის ტერიტორია - ვერ ვიტყოდი რომ უჩვეულო, მაგრამ ძალიან ხშირი და მომატებული წვიმებია. თუმცა, ყოფილა ასეთი წლები, როდესაც გვქონდა ამაზე მეტი ნალექიც“, - აღნიშნავს თამარ პაპაშვილი.

სინოპტიკოსის თქმით, ნალექის მატება საქართველოსა და რეგიონში კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკვე ვცხოვრობთ ამ კლიმატის ცვლილების ფაზაში. ზუსტად ეს ტემპერატურული ცვლილება, არის პირველი, რაც ხდება წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე. ელ-ნინიო [თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი აღმოსავლეთ ნაწილში], ლანინია [წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები] ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მთელი დედამიწის კლიმატს“, - ამბობს სინოპტიკოსი.