წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით, - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქზე საუბრისას.
„საჯაროდ ლაპარაკი იმ ტკივილზე, რაც მისმა ამ სამყაროდან წასვლამ მომაყენა, ცოტა უხერხულად მეჩვენება, მაგრამ ორი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა, რადგან ამით ცოტა მოვირჩენ კიდეც იმ სიმძიმეს, რომელიც მაწვება. მოხდა დიდი ტრაგედია. ის იყო კაცი, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით და ვხვდებოდით, რომ თურმე შეიძლება იყო პატიოსანი, წესიერი და ნამდვილად ქრისტიანი ადამიანი“, - აღნიშნა მან.
რობერტ სტურუამ გაიხსენა მისი და პატრიარქის ურთიერთობიდან რამდენიმე ეპიზოდი.
„75 წლის რომ გავხდი, მაჩუქა ჯვარი და დავსხედით ბაღში, სადაც ერთმანეთს ორი სიტყვა ვუთხარით. შემდეგ ჩუმად ვიყავით დაახლოებით 45 წუთი, ერთი საათი, იმ სიჩუმემ უფრო მეტი მომცა მე, ვიდრე ქადაგებამ. ეს იყო მისტიკური რაღაც. აქ იყო ჩემი ღმერთი და მე ცოდვილი რეჟისორი ვიჯექი და ჩუმად ვიყავი.
ნამდვილი ქართველი რაინდი, ვაჟკაცი, ყოველთვის დაიმახსოვრებს მის სახელს. მე მასთან ხელოვნებაზე ლაპარაკს ვერ ვბედავდი, არ მინდოდა ჩემი პრობლემებით შემეწუხებინა. ერთხელ მაჩუქა ლითოგრაფია რელიგიურ თემაზე - ქრისტე მიდის ჯვრით გოლგოთაზე და მეც დავპირდი, რომ ამ თემაზე ჩემს ნახატს მოგიტან-თქო. გადიოდა დრო და მეკითხებოდა - სად არის შენი დაპირებული ნახატიო. ვფიქრობდი, რა უნდა დავხატო ისეთი, რომ პატრიარქს ვაჩუქო-თქო. ბოლოს რაღაცას ვხატავდი, რაღაც ღვთაებრივი, უცნაური ხელით, თითქოს სხვა ხატავდა, გამომივიდა პორტრეტი. დავხედე და ვიფიქრე - ეს ქრისტე არ არის? ვკითხე ჩემ ცოლს, ვიღაცებს, ჰგავდა თუ არა ქრისტეს და მითხრეს, რომ ძალიან ჰგავდა. ვაჩუქე და წავაწერე - „ბატონო ილია, თქვენ გელით ჯვარცმა, სამაგიეროდ, თქვენ გელით აღდგომაც“. ვაჩუქე ეს და მითხრეს, რომ უკიდია სახლში ისეთ ადგილასო, - მოსწონსო.
მან ყველაფერს აჯობა და სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც კიდევ აწყენინებდა მას, როგორც 9 აპრილს აწყენინეს, როცა სთხოვდა მომიტინგეებს, ჩამოდით ქაშუეთში, იქნებ რუსეთის შემოტევას გადავურჩეთო. არ დაუჯერეს რევოლუციონერებმა, თვითონ გადარჩნენ და გოგოები მიახვრიტეს. ეს იყო ალბათ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტანჯვის მომგვრელი მომენტი. ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.