რევოლუცია აკნეს მკურნალობაში - მეცნიერები ორ ვაქცინაზე მუშაობენ

აკნე

მდგომარეობა ზედმეტად უსიამოვნოა. რაც უფრო მეტად გვაშფოთებს საკუთარი ვიზუალი, მით მეტად იფარება ჩვენი სახე დიდი წითელი ლაქებით. ბევრ მოზარდს მუწუკები დიდ ტანჯვას აყენებს და შესაძლოა, ზრდასრულ ასაკშიც არ გაუქრეს. თუმცა, ორი კომპანია ამჟამად მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც, როგორც ისინი იმედოვნებენ, რევოლუციას მოახდენს აკნეს მკურნალობაში. შესაძლოა, ამ ტანჯვის დასასრული მართლაც ახლოვდება.

ახალი მიდგომის მთავარი იდეა ისაა, რომ აკნე გამოწვეულია იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციით კანის ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ცილებისადმი. ორგანიზმის სტიმულირებამ, რათა მან ამ ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოიმუშაოს, ეს პროცესი უნდა დაბლოკოს და აკნე თავიდან აგვაცილოს; ან სულ მცირე, უზრუნველყოს მისი შემცირება. ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი Sanofi ემზადება აშშ-სა და კანადაში mRNA ვაქცინის გამოსაცდელად, რომელიც მიზანში ამოიღებს სულ მცირე ერთ ბაქტერიულ ცილას. ამასობაში კი, ამერიკული სტარტაპი Armora Biosciences-ი ფოკუსირებულია სხვა ცილაზე.

აკნეს საწინააღმდეგო უკეთესი პრეპარატები ნამდვილად საჭიროა.

„აკნე იწვევს მნიშვნელოვან ემოციურ ტვირთს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის, სოციალური იზოლაციისა და სხვა ფსიქოლოგიური შედეგებიც“, — ამბობს Armora Biosciences-ის მკვლევარი ტომაშ ზასტვანი.

უკვე ათწლეულებია, ცნობილია, რომ აკნე დაკავშირებულია ბაქტერიასთან, სახელად Cutibacterium acnes, რომელიც კარგად ვითარდება თმის ფოლიკულების სიღრმეში, სადაც ჟანგბადი მწირადაა. თუმცა, C. acnes-ი კანის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც თითქმის ყველას აქვს — მათ შორის მათაც, ვისაც აკნე არ აწუხებს — ამიტომ, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა.

ერთი ფაქტორია ჰორმონების მოზღვავება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რაც კანში ცხიმოვანი ნივთიერებების გამომუშავებას ზრდის და ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს ბაქტერიულ ზრდაზე. მოზარდობის დროს, მუწუკები ყველას არ უვითარდება; შესაბამისად, როგორც ჩანს, საქმეში ჩართულია გენეტიკური ფაქტორებიც.

„აკნე ძალიან რთული რამაა. ის ინფექცია არ არის. იმუნური პრობლემაა“, ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ გალო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ C. acnes-ის არსებობა ყოველთვის არ იწვევს პრობლემებს, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი იმუნური რეაქცია ფოლიკულში. ამ რეაქციის დროს, კანის ზოგიერთი უჯრედი სინამდვილეში ცხიმოვან უჯრედად გარდაიქმნება და განგაშის სიგნალებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების გამოყოფას იწყებს — ამ პროცესს რეაქტიულ ადიპოგენეზს უწოდებენ.

„ეს ინფექციასთან ბრძოლის ნორმალური გზაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეაქცია შეუსაბამოა“, — ამბობს გალო.

რა იწვევს ამ რეაქციას? C. acnes-ს შეუძლია, გამოყოს ტოქსინი, სახელად კრისტი-ატკინს-მუნხ-პეტერსენის ფაქტორი, შემოკლებით CAMP-ი. გარკვეულ პირობებში ბაქტერიამ შესაძლოა გაზარდოს CAMP-ის გამომუშავება.

ამიტომ, გალოს ჯგუფმა თაგვებს CAMP-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა, რათა წარმოქმნილიყო ამ ტოქსიკის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევა მიუთითებს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აკნეს თავიდან აცილებას ან მკურნალობას.

Sanofi-მ შექმნა mRNA ვაქცინა, რომელიც მიზანში იღებს CAMP-ს და შეიძლება C. acnes-ს სხვა ცილებსაც. კომპანია ვაქცინის შესახებ ჯერ ბევრს არაფერს ასაჯაროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ხმები, რომელთა თანახმადაც Sanofi-ს კლინიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, 18 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, ცდა ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდი მის შესახებ ვერაფერს გავიგებთ. წინასწარ ცდებში ძირითადად უსაფრთხოებას ამოწმებენ, მაგრამ მოხალისეებისთვის რამდენიმე კვირაში მაინც უნდა გახდეს ცნობილი, იმოქმედებს თუ არა ის მათ აკნეზე — ეს არ ჰგავს ვაქცინის ჩვეულებრივ გამოცდას, სადაც მკვლევრებს თვეები ან წლები უწევთ ლოდინი, ვიდრე ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში შეეყრებათ პათოგენები. განაგრძეთ კითხვა

✕