რევაზ სოხაძე: იგეგმება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტია ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მონაკვეთი.

„ეს არის უნიკალური პროექტი - 23 კილომეტრიანი მონაკვეთი ურთულესი რელიეფით, რომელიც შედგება 5 ხიდის და 5 გვირაბისგან, მათ შორისაა 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ყველაზე გრძელი და ტექნოლოგიურად გამორჩეული ობიექტია. პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება, რაც საგრძნობლად შეამცირებს გადაადგილების დროს. თბილისიდან სტეფანწმინდამდე – 2 საათის და 30 წუთის ნაცვლად მხოლოდ 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ. ამასთან, გზის გახსნის შემდეგ ზამთარში მოძრაობა კობის მიმართულებით აღარ შეიზღუდება“ – განაცხადა მინისტრმა.

სოხაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 4 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პარალელურად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გურიის რეგიონშიც.

„დასავლეთის მიმართულებით, ქუთაისამდე ფაქტობრივად შეუფერხებლად ვმგზავრობთ. წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი შევა ექსპლუატაციაში. გურიის მონაკვეთზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია და ვიმედოვნებთ, მალე ამ მიმართულებასაც დავასრულებთ“ – განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – პროექტი, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრიან გვირაბს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას.

გარდა ამისა, დაგეგმილია თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ერთდროულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ტრანზიტული მოძრაობის განტვირთვის, ისე დედაქალაქის შიდა სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების კუთხით.

„ასევე აქტიურად ვმუშაობთ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელებაზე და ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან უკვე დავიწყოთ მისი განხორციელება. მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რათა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ რუსთავის – წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რაც დედაქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს“ - დასძინა მინისტრმა.