რატომ არ ემართებათ ვეშაპებს კიბო?

მეცნიერება

გიგანტურ ვეშაპებს, თავის სხეულის ზომასთან შედარებით ძალიან პატარა სიმსივნე უჩნდებათ. ეს გახლავთ ბიოლოგიური შეუსაბამობა, რომელსაც პეტოს პარადოქსს უწოდებენ და რომელიც აღწერს, რატომ არ უვითარდებათ უფრო ბევრი სიმსივნური ქსოვილი ამ გიგანტურ, დღეგრძელ ცხოველებს, რომლებსაც ტრილიონობით მეტი უჯრედი აქვთ, ვიდრე ადამიანებს ან სხვა პატარა არსებებს.

კიბო არის უჯრედების თავაშვებული დაყოფის დაავადება, რომლის დროსაც, გენეტიკური მუტაციები განაპირობებს უჯრედების დაუსრულებელ დაყოფას, რა დროსაც წარმოიქმნება სიმსივნის სახელით ცნობილი მასები. შესაბამისად, ალბათ იფიქრებთ, რომ რაც უფრო დიდია ცხოველი, მეტი უჯრედი აქვს და უფრო დიდია შანსი, რომ ამ უჯრედებში აკუმულირდეს გენეტიკური ხარვეზები, რომლებიც გამოიწვევენ კიბოს, განსაკუთრებით თუ ეს ცხოველი დიდხანს ცოცხლობს.

თუმცა, 1970-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს თაგვებსა და ადამიანებს ადარებდა, სახელგანთქმულმა ბრიტანელმა სტატისტიკოსმა რიჩარდ პეტომ შენიშნა, რომ ეს ასე არ იყო. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდ და პატარა ცხოველთა შორის, კიბო სულაც არ იყო უფრო მეტად წარმოდგენილი ისეთ სახეობებში, რომლებსაც უფრო მეტი უჯრედი აქვთ. ვეშაპების მსგავსად, დიდი მოცულობის კიბოები არც სპილოებს აქვთ.

ახლახან, ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ამ პარადოქსის გამოსავალს გრენლანდიურ ვეშაპებში (Balaena mysticetus) მიაგნო — დედამიწაზე მეორე ყველაზე დიდ, მაგრამ ყველაზე დღეგრძელ ცხოველებში.

„იმ ცხოველების შესწავლით, რომლებიც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და თავს არიდებენ კიბოთი სიკვდილს, უნიკალურ ცნობებს ვიღებთ გლობალურ ევოლუციურ მექანიზმს ჩამოფარებული ფარდის მიღმა, რომელიც კიბოსა და დაბერების იმაზე მეტ მექანიზმზე ზემოქმედებს, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა“, - წერენ ბიოლოგი დენის ფირსანოვი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის.

 ლაბორატორიულ ექსპერიმენტთა სერიაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიური ვეშაპის უჯრედები უკეთესად ახერხებენ დაზიანებული დნმ-ის აღდგენას, ვიდრე ადამიანების, თაგვებისა და ძროხების უჯრედები. როგორც ჩანს, ვეშაპები დნმ-ის დაზიანებას საფუძველშივე ახშობენ „სხვა ცხოველებთან შედარებით უნიკალურად მაღალი ეფექტიანობითა და სიზუსტით“, — წერენ მკვლევრები.

წყარო: 1tv.ge