1753474429
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებში ჩაერთნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით შანხაის გლობალური ტექნოლოგიების ცენტრში იმყოფებიან. “ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)” სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ლანა ჭანტურიძე, ერეკლე ბერიძე, ლიზი არეშიძე და თეიმურაზ ფხაკაძე შანხაიში (ჩინეთი) გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში SCHOOL ON SUSTAINABLE AI მონაწილეობენ. სტუდენტები სტუმრობენ შანხაის ინდუსტრიულ ზონებს და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, სადაც უშუალოდ ეცნობიან AI სისტემების პრაქტიკულ დანერგვას სხვადასხვა სფეროში. შანხაის თანამედროვე ტექნოლოგიების გლობალურ ცენტრში სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს.
აღსანიშნავია, რომ FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჩინეთში სასწავლო ვიზიტის მხარდამჭერია KIU-ს მოწვეული პროფესორი ლუი სეკო (ტორონტოს უნივერსიტეტი), რომელიც ამჟამად შანხაიში იმყოფება და აღნიშნული საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი სპიკერია.
,,საზაფხულო სკოლა უდიდესი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის ტექნიკურ საფუძვლებს და გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.
KIU-ს სტუდენტები გამორჩეულად გახსნილნი არიან მსგავსი აკადემიური გამოცდილებისადმი. მათ დიდი პოტენციალი აქვთ მომავალში - თავად შექმნან და განავითარონ ტექნოლოგიები”, - ლუი სეკო, მოწვეული პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / ტორონტოს უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის იმ ძირითადი ასპექტების გაცნობა, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. კურსს უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. სასწავლო მოდულები მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სესიებს, სამუშაო ვიზიტებს, ვორქშოპებს, კონფერენციებს. ჩინეთში სასწავლო ვიზიტით მყოფი KIU-ს ერთ-ერთი სტუდენტი ლანა ჭანტურიძე საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს და იმ გამოცდილებაზე გვიყვება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საზაფხულო სკოლაში იღებს. “საზაფხულო სკოლაში, რომელიც ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის მდგრადობას, ვეცნობით AI-ის რეალურ გადაწყვეტებს, ვერთვებით კვლევით პროცესებში, ვმუშაობთ რობოტიკის მიმართულებით, შესაბამის ლაბორატორიებში. ამჟამად, დაინტერესებული ვართ პროექტით - „ჭკვიანი ქალაქი”. განსაკუთრებით აღსანიშნავია სფეროს წამყვან მკვლევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ისინი გვიზიარებენ რეალურ მაგალითებს და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. მადლობას ვუხდით KIU-ს მოწვეულ პროფესორს ლუი სეკოს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს სასწავლო ვიზიტს ჩინეთში და მოგვცა უნიკალური შანსი - ჩავრთულიყავით გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებში”, - ლანა ჭანტურიძე. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტები დაესწრებიან ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციას (World Artificial Intelligence Conference- WAIC), რომელიც 26-28 ივლისს, შანხაიში ჩატარდება და მას გიგანტური IT კომპანიები უმასპინძლებენ. კონფერენცია აერთიანებს საუნივერსიტეტო ქსელებს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს და საერთაშორისო კვლევით ცენტრებს.